ნიკა მელია - სალომე ზურაბიშვილს აქვს უფლება, მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინოს სიკვდილს, ის კი აკეთებს არაადამიანურ და პოლიტიკურად გაუმართლებელ განცხადებებს
ნიკა მელია - სალომე ზურაბიშვილს აქვს უფლება, მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინოს სიკვდილს, ის კი აკეთებს არაადამიანურ და პოლიტიკურად გაუმართლებელ განცხადებებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ ჰოსპიტალში გადაყვანის პროცესში ჩართულობა აუცილებელია როგორც ადამიანური, ისე პოლიტიკური კუთხით. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მელიამ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. როგორც მელიამ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებები ადამიანური, პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ და არ იქნება გამართლებული.

„ზურაბიშვილმა ორივე მხრივ გააკეთა არასწორი განცხადებები და ამას დარწმუნებული ვარ, მიხვდება. არც ადამიანური, არც პოლიტიკური თვალსაზრისით ზურაბიშვილის განცხადებები ვერ და არ იქნება გამართლებული. მას აქვს შესაძლებლობა, ქვეყანას აარიდოს კიდევ უფრო არასტაბილური განვითარების პერსპექტივა, რომლის წინაშეც ვდგავართ. თხელ ყინულზე დადის მთელი ერი და როდის ჩატყდება, არავინ იცის. ამ დროს ზურაბიშვილს აქვს ეს უფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინოს სიკვდილს და აკეთებს არაადამიანურ და პოლიტიკურად გაუმართლებელ განცხადებებს. ქალბატონი ზურაბიშვილის იმედზე ყოფნას არ ვაპირებთ „ნაციონალური მოძრაობა“ და საზოგადოების მთელი საღი ნაწილი. თუკი ვინმე ამ განცხადებებით და ნაბიჯებით დაზიანდება, ეს თავად ზურაბიშვილი იქნება, რომელმაც პრეზიდენტობის პერიოდში ვერ დაამახსოვრა თავი საზოგადოებას ვერც ერთი ნაბიჯით, რომელიც წაადგებოდა ქვეყნის მომავალს. როდესაც ხარ პრეზიდენტის სასახლეში, უნდა გახსოვდეს, რომ შენი კვალი უნდა დარჩეს ისტორიას და მომავალს. როდესაც შენ არათუ მომავლისთვისაც არ ტოვებს არანაირ პოზიტიურ კვალს, არამედ აწმყოშიც შეუმჩნეველი ხარ და განგებამ გარგუნა შესაძლებლობა, შეიწყალო ან უბრალოდ ადამიანის გადაყვანაში მიიღო აქტიური მონაწილეობა და ამას არ აკეთებ, ეს არის უბრალოდ პროცესების არასწორად შეფასება ან იმდენად დიდი ხარისხის კომპლექსი, რომელიც ზურაბიშვილს ჩამოუყალიბდა, რომ აქ არის უძლური. შეუძლებელია, ადამიანი კვდებოდეს, ექიმების დასკვნები და სახალხო დამცველის საგანგაშო განცხადებები არ მეტყველებდეს ვითარების სიმძიმეზე. როდესაც ამ ყველაფრის პარალელურად, მაინც ჯიუტად აკეთებ იმ განცხადებებს, რასაც აკეთებ, არის ანტისახელმწიფოებრივი და არაჰუმანური განცხადება.

დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ურყევი ნება გაუძლებს მძიმე დაავადებებს და იგი ნამდვილად იქნება დახსნილი ტყვეობიდან. რა თქმა უნდა, არა ზურაბიშვილისა და ხელისუფლების აქტიური ჩართულობით, არამედ საერთაშორისო და ქართული საზოგადოების თანამონაწილეობით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფორინ პოლისისთან“ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა, რომ „სააკაშვილს უკრაინაში მეგობრები ჰყავს, ის ცდილობს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას, რისი დროც ახლა არ არის“.  ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის შეწყალება პოლარიზაციის გაძლიერებას გამოიწვევს. მისივე განცხადებით, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.