ნიკა მელია – საკუთარ გადაწყვეტილებად გვაქვს მიღებული, რომ სახლად ვაქციოთ რუსთაველის გამზირი
პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ კვლევებშიც კი „ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა 25 პროცენტს ჩამოსცდა და დღეს მთლიანად არის გაკოტრებული.
მელიას თქმით, ასეთ შემთხვევაში მათთვის ერთადერთი ფუჭი გამოსავალი არის ძალმომრეობა.
„ამ ყველაფერს როცა აკეთებ, ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებად გვაქვს მიღებული, რომ სახლად ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და ვუთხრათ არა რუსულ რეჟიმს, მის ძალმომრეობას. ეს ასე იქნება. საქართველო ვერ გახდება რუსეთი, რუსული ინსტრუქციებით ვერ მართავ ქართველ ხალხს, ძალმომრეობით ვერ მართავ სახელმწიფოს. მათ სხვა არაფერი აღარ შეუძლიათ, არ შეუძლიათ დებატები, საუბარი, საკუთარი ამომრჩევლის ნაწილის დარწმუნებაც კი. მაშასადამე, ერთადერთი გზა არის კრიმინალური ქმედებები. ამას უნდა გაეცეს პასუხი სიმრავლით, სიმტკიცით, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას. ყველა ერთად უნდა დავდგეთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას განმარტებით, 11 მაისს შეიკრიბებიან სამ ლოკაციაზე – მარჯანიშვილის მეტროსთან, 300 არაგველის მეტროსთან და რესპუბლიკის მოედანზე, საღამოს 19:00 საათზე.
„სიმრავლით და სიმტკიცით უნდა გავცეთ პასუხი. დაშინებით ვერ დაიმორჩილებ ვერავის, არავის ეპატიება ოჯახის წევრების დაშინება, შეურაცხყოფა, „ბაიკერებისთვის“, მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის მუხრუჭების გადაჭრა, ამ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომელსაც აქვს პრეტენზია, მართოს სახელმწიფო, თუნდაც ცუდად. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ხომ ემსახურება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას და უკან შეყვანას. ეს არ გამოვა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.