ნიკა მელია - სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესი სხვაგვარად წავიდა, ვერ მივიღეთ ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ველოდებოდით იმ დღეებში, მაგრამ ახლა ვხედავ გარღვევის უდიდეს შანსს
ნიკა მელია - სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესი სხვაგვარად წავიდა, ვერ მივიღეთ ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ველოდებოდით იმ დღეებში, მაგრამ ახლა ვხედავ გარღვევის უდიდეს შანსს

არ არის მარტივი ციხიდან ადამიანის გათავისუფლება გაწერილი დღის წესრიგით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა.

„ეს არის სიმართლე, მაგრამ ძალისხმევა რომ ამას არ აკლდება, ეს არის ფაქტი. ბევრი რამ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ ჩანს და არც გამოჩნდება. იმ შეხვედრების პერიპეტიებზე, რაც გაიმართა უკრაინაში, მე ახლა ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პირადად აქტიურობს უცხოელ პარტნიორებთან.

„ამ წუთის მდგომარეობით, ყველაზე ეფექტურ, პოტენციურად მიხეილ სააკაშვილისთვის, ამ პარტიისთვის სასარგებლო ველზე, საიდანაც უფრო მეტ შედეგს გამოვიტანთ, ვაქტიურობ, პირადად – ეს არის ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა. დიახ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი, სადაც პოლიტიკური რამდენიმესვლიანი კომბინაციის გათამაშებით, შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკშვილის ტყვეობიდან დახსნა და სამკურნალოდ გადაყვანა, ქვეყნის გარეთ გაყვანა. ამით ვიღვიძებთ და ვიძინებთ, ხალხო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ მიზნისთვის სწორი მომენტი უნდა იყოს შერჩეული.

„მე, რომ არა ჩვენი პარტნიორების აქტიურობა, დღესაც ციხეში ვიჯდებოდი. არანაირი ძალისხმევაც კი არ გაგვიღია 24 თებერვალს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ყოფილიყო ხმალამოღებული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ – 23 თებერვალს ხომ დამაკავეს. ძალიან მარტივად მოხდა. სამწუხაროდ, ახლა ამას ვერ ვხედავთ ჩვენ და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მაშინ ერთი წერილიც კი არ მიგვიწერია საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოყვა ის რეაქცია, რაც მოყვა. დღესაც ციხეში ვიჯდებოდი, 100 ათასი ადამიანის მიერ ორგანიზებული აქციებიც რომ გამართულიყო, რომ არა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. პროცესი სხვაგვარად წავიდა, ვერ მივიღეთ ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ველოდებოდით იმ დღეებში, იმ თვეებში, მაგრამ ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა, რასაც ვერ ვხედავდი რამდენიმე თვის წინ. ერთადერთხელ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება გააქტიურდა, იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო შეუძლოდ და გორის ჰოსპიტალში მისი გადაყვანის აუცილებლობა ხდებოდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, უცხოელი პარტნიორების ჩართულობის გარეშე აქციები მოკლე ვადაში შედეგს ვერ გამოიღებს.

„თუნდაც მაკრიტიკებდეს ერთი თუნდაც ლოიალური ჯგუფი ჩვენი მხარდამჭერებისა, ვიღებ, რადგან ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ შედეგზე გასასვლელად. ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობის გარეშე, ჩვენი უკრაინელი ძმებისა და მეგობრების ჩართულობის გარეშე, რომელთა ჩართულობა ახლა იზრდება, აქციების გამართვა, დიახაც, შესაძლებელია ცალკე აქციების გამართვა იყოს უტოპიური და მოკლე ვადაში შედეგზე ვერ გაგვიყვანოს.

რას აკეთებს ნიკა მელია, რას აკეთებს პეტრე ცისკარიშვილი, კობა ნაყოფია, სხვები – ხატია დეკანოიძე, ბევრი შეხვედრა იმართება ისეთი, რომელზეც პარტიაშიც ნაწილმა იცის მხოლოდ. მე კიევში ახლა რომ წავედი, არ დაგიმალავთ, მცირე ნაწილმა იცოდა ჯგუფის, რომ კიევში წავედი და კიევიდან გაიგეს მხოლოდ. არის შეხვედრები, რომელიც შეუძლებელია, წინასწარ დაექვემდებაროს აფიშირებას. მაგრამ მე თუ რამე მწყინს, არ დაგიმალავთ, მწყინს პოლიტიკურად, ადამიანურად, რომ თხემით ტერფამდე ამ ბრძოლაში მყოფი ჩვენი დეპუტატები, არადეპუტატები ვიყოთ და უსამართლოდ კრიტიკას ვიღებდეთ, რას აკეთებთ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად?“ – განაცხადა ნიკა მელიამ.