ნიკა მელია - „რესპუბლიკელებმა“ უნდა განმარტონ, მოლაპარაკებების 3-4 თვით გაგრძელების შემთხვევაში, იქნებიან თუ არა დეპუტატები
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ „რესპუბლიკელებმა“ უნდა განმარტონ, მოლაპარაკებების 3-4 თვით გაგრძელების შემთხვევაში, იქნებიან თუ არა ისინი დეპუტატები.
ამასთან, მელიას თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ორი წარმომადგენელი, რომელთაც მანდატები მოიპოვეს, უარს იტყვიან აღნიშნულ მანდატებზე.
„ეჭვი არ მეპარება, რომ არავინ შევა ამ მიტაცებულ პარლამენტში, მით უფრო არ შევა „რესპუბლიკური პარტია“. რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება არც ერთი წამით და არც ერთი პროცენტით. უბრალოდ, მათ რა განცხადებაც გაავრცელეს, საჭიროებს მეტ განმარტებას. თუკი მოლაპარაკებები გრძელდება 3-4 თვის განმავლობაში, ამ განცხადებით მე ზუსტად ვერ გავიგე, ეს ნიშნავს, რომ 3-4 თვის გამავლობაში ისინი იქნებიან დეპუტატები? ანუ მათ განცხადებაში მე ამოვიკითხე, რომ ვიდრე მოლაპარაკების პროცესი არ ამოიწურება, ისინი განცხადებით არ მიმართავენ შესაბამის უწყებას, ხომ?“ – განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს მათთვის მოულოდნელი, ნიკა მელიამ აღნიშნა: „არავითარ შემთხვევაში, მათ გადაწყვიტეს, რომ მოახდინონ დამოუკიდებელი პოზიციონირება; ბლოკმა, რომლის წევრებიც თავად არიან, „ძალა ერთობაშია – გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება“.
მელიას თქმით, მათ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ასეთი არხი აირჩიეს, რაც ნორმალურია.
„ეს მათი სუვერენული უფლებაა. მე ერთი წამითაც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ რომელიმე „რესპუბლიკელი“ პარლამენტში შევა, ბუნებრივია, ჩემი განცხადება არ იქნებოდა ასეთი, როგორსაც ვაკეთებ. უბრალოდ, მათ განმარტება უნდა გააკეთონ დამატებით. კერძოდ, ვიმეორებ, რა განმარტება – თუკი მოლაპარაკებები გრძელდება 3-4 თვის განმავლობაში, ისინი იქნებიან დეპუტატები?“ – აღნიშნავს ნიკა მელია.
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, „რადგან მოლაპარაკებებები გრძელდება, მანდატებზე უარის თქმის თაობაზე ხელმოწერილი განცხადებებით პარლამენტს მივმართავთ პროცესის დამთავრების შემდეგ“.