ნიკა მელია - ქართველ ხალხს გვინდა ევროპა, გვჭირდება ევროპის თანადგომა, რომ დავამარცხოთ სახელმწიფოს მიტაცება
ქართველ ხალხს გვინდა ევროპა, გვჭირდება ევროპის თანადგომა, რომ დავამარცხოთ სახელმწიფოს მიტაცება, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე ნიკა მელიამ „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე.
ნიკა მელიას თქმით, უახლოესი დღეები, კვირები და თვეები პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინაში და მის მიღმა – შეცვლის ჩვენი კონტინენტის ბედს.
„და მაინც, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არ ვიცოდით. ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, რადგან უკრაინა არ არის კგბ-ის ოფიცერ პუტინის შეშლილი ამბიციების პირველი მსხვერპლი. 2008 წელს ის თავს დაესხა ჩემს ქვეყანას, რომლის 20% დღემდე ოკუპირებულია. ზოგიერთები დასავლეთში ცდილობდნენ საქართველო წარმოეჩინათ აგრესორად. რა შეცდომაა! რა სიცრუეა! საქართველო 2008 წელს იყო მხოლოდ მოთელვა 2014-ის და 2022-ის წინ. რატომ იყო დასავლეთი ასეთი წინდაუხედავი? რატომ არ სურს დღესაც ზოგიერთ დასავლეთელ ლიდერს, დიქტატორს უწოდოს დიქტატორი? და ბოლოს ბოლოს ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას?
რეალიზმის, და ზოგჯერ გამბედაობის არქონას მივყავართ ტრაგიკულ შედეგებამდე. უკრაინა. და ახლა ისევ საქართველოც. საკუთარ თავზე შეყვარებულმა „გაზპრომის“ ოლიგარქმა მიიტაცა ქართული სახელმწიფო და ქვეყანას თავის პირად საკუთრებად მიიჩნევს. ზუსტად ერთი წლის წინ ვიყავი ციხეში. სწორედ ევროკავშირი იყო ის, ვინც გადაიხადა ჩემი გირაო, როგორც ჩემი თავისუფლების ფასი. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დამნაშავე ვარ. დამნაშავე ვარ, რომ წარმოვადგენ მათ, ვისაც სჯერა ევროპული და დემოკრატიული საქართველოსი. დამნაშავე ვარ რომ ვიცავ მთავრობის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მსხვერპლებს: პოლიტიკურ ლიდერს, როგორიც არის საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა პოსტ-საბჭოთა სიბნელიდან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც პირველი აღუდგა წინ პუტინის იმპერიალისტურ ოცნებას რეგიონში სრულ დომინაციაზე, და რომელიც დღეს სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის ქცეული, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად; საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, როგორიც არის ოლიგარქიული რეჟიმის კრიტიკისთვის ახლახანს დაპატიმრებული მთავარი დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია.
დამნაშავე ვარ, რომ წარმოვადგენ ჩემს თანამოქალაქეებს, რომლებსაც რცხვენიათ, რომ საკუთარ ხელისუფლებას ვერ ხედავენ უკრაინისა და უკრაინელებისადმი მიმართულ საყოველთაო ტალღაში. და ბოლოს, დამნაშავე ვარ, რომ უარს ვაცხადებ დავინახო, თუ როგორ ეშვება ჩემი ქვეყანა პუტინის მიერ დაპირებული ახალი რკინის ფარდის ბნელ მხარეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, ევროკავშირმა უნდა გაუღოს კარი საქართველოს.
„თქვენ, მე და სხვებმა ამ დარბაზში კარგად ვიცით რუსული ბატონობის ფასი. არც იმედი, არც მომავალი, არც სიცოცხლე. ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, გვინდა ევროპა. ჩვენ გვჭირდება ევროპის თანადგომა, რომ დავამარცხოთ სახელმწიფოს მიტაცება. ჩვენ გვინდა ევროპა, რადგან ჯერ კიდევ ვოცნებობთ თავისუფლებაზე, საერთო კეთილდღეობაზე, მშვიდობიან მომავალზე. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს. ვიცით, რომ ეს გზა იქნება გრძელი და რთული, მაგრამ ჩვენ ის ერთად უნდა გავიაროთ. დღევანდელი ოლიგარქიული რეჟიმი არის მძიმე დაბრკოლება, მაგრამ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ ამასაც გადავლახავთ. ზოგიერთებს უნდათ, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ბრძოლა, მაგრამ ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას, ჩვენ არასდროს გავიქცევით, ჩვენ არასდროს მივყვებით დინებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.