ნიკა მელია - პოლიტიკური მართლმსაჯულება ვიდრე არ მოწესრიგდება, ვითარება არ შეიცვლება, თორემ სააკაშვილი ადრე თუ გვიან მაინც გამოვა საპატიმროდან
ნიკა მელია - პოლიტიკური მართლმსაჯულება ვიდრე არ მოწესრიგდება, ვითარება არ შეიცვლება, თორემ სააკაშვილი ადრე თუ გვიან მაინც გამოვა საპატიმროდან

სამოქალქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს და მე პირადად, უმცირეს შანსს ვიდრე ვხედავ, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ამ პროცესს ხელს შევუწყობ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

მისივე თქმით, სამოქალაქო თანხმობა ამ ეტაპზე გულისხმობს პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას და იმას, რომ არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს.

„გულუბრყვილო არც მოლოდინი და ილუზიები მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, უმცირეს შანსს ვიდრე ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩემი და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე, ისტორიის მოცემულ დროში გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას და ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება, არა მხოლოდ წარსულზე უნდა შევთანხმდეთ, უნდა შევთანხმდეთ მომავალზე და არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. სხვა შემთხვევაში სამოქალაქო თანხმობაზე საუბარი გაჭირდება“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ სალომე ზურაბიშვილს ძალიან სწორი ხედვა აქვს.

„ამის თაობაზე საჯაროდაც ისაუბრა, ჩემდა გასაკვირადაც, როცა იგი აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობ, გამოსავალიც მას სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი. ჩემი შეფასებით, მას შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ პროცესში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სააკაშვილის ტყვეობაში არყოფნა. პატიმრები არიან უამრავი უკვე, მაგრამ პოლიტიკური მართლმსაჯულება ვიდრე არ მოწესრიგდება, ეს ვითარება არ შეიცვლება, თორემ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ასეთი, ადრე თუ გვიან მაინც გამოვა საპატიმროდან“, – განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება სააკაშვილის, მარგველაშვილისა და ზურაბიშვილის შეხვედრის საკითხს, ნიკა მელიას მიაჩნია, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. „აქ საჭიროა ნება და მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი და ბატონი მარგველაშვილი აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად“, – დასძინა ნიკა მელიამ.

დატოვე კომენტარი