ნიკა მელია - ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მიხეილ სააკაშვილის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ჯდომას და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ
ნიკა მელია - ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მიხეილ სააკაშვილის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ჯდომას და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ

ნურავის ნუ ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, იქნება ციხეში გამოკეტილი და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ვიდრე ის არ გამოვა გარეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამოკეტილი ჰყავთ ციხეში, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, ვიდრე სამართლიანობა არ იზეიმებს. დღეს ყველა, გარდა სამარცხვინო, მოღალატე ხელისუფლებისა, გარდა ოკუპანტებისა, გარდა კრემლის პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, იქნება ციხეში გამოკეტილი და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ვიდრე ის არ გამოვა გარეთ, არა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, სულის ჩამდგმელი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, არა, არა მხოლოდ როგორც დიდი პოლიტიკოსი, როგორც პირველ რიგში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს აქციაზე მივიდნენ.

„მადლობა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ვინც დღეს აქ მოვიდა, გაიზიარა ეს ტკივილი და საფრთხე, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით ყველანი ერთად. ვნახე აქ ბევრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ასე უნდა აშენდეს თანამედროვე სახელმწიფო, ეს აქცია არ და ვერ იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით ჩატარებული. ამ ქვეყნის მომავალსა და ღირსებას სჭირდება ზრუნვა. მადლობა, რომ როგორც ერთნი, ისე დავდექით, აურაცხელი რაოდენობის ადამიანი გამოვიდა. ყველაფერთან ერთად, უცხოელმა ჟურნალისტმა მკითხა, რას უკავშირებთ ამ რაოდენობის ადამიანის გამოსვლას ქუჩაშიო? ბევრი ქართველი მიხვდა, რომ ხელიდან გვეცლება ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რეალურად ეს საფრთხე აქვს დღეს ქართველს. ოლიგარქმა ამ საფრთხის წინაშე დაგვაყენა ჩვენ და სხვანაირად მოქცევა არ შეგვეძლო. იმაზე ბევრნი ვართ, ვიდრე ყველას წარმოედგინა, რადგან ისტორიულად, ქართველ ერს ახასიათებს ყველაზე მაგარი თვისება, გარდამტეხ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ერთიანობა. ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და თავისუფლების მოედანზე, სადაც სული დალია უამრავმა ქართველმა წინაპარმა, რათა თავისუფლად ჯერ კიდევ საქართველოს დროშებს ეფრიალა, ამ დროშების დაწევის უფლებას არავინ არავის მისცემს, ამიტომ ვართ აქ ბევრი. მეკითხებიან, რა საღამო იყო დღეს აქ, რას ვაკეთებდით? პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელია, თუ მანამდე მორალურად არ გაიმარჯვე. დღეს ჩვენ მორალურად გავიმარჯვეთ. მთელმა მსოფლიომ დაინახა რას ნიშნავს, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო, არ გვინდა ჭირისუფლობა, არ გვინდა მწუხრი, ბრძოლის ყიჟინა გვინდა ცივილიზებული ფორმით, სიმღერაც იყოს, დროშაც ფრიალებდეს, ღიმილიც იყოს, ბედნიერებაც იყოს, რადგან ხელის გაწვდენის მანძილზე ჩვენ გამარჯვება გველოდება, რომელსაც არ გავატანთ ბიძინა ივანიშვილს“,  – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, „თუკი ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს გაბედავს და იმავეს იკადრებს, რაც 2 ოქტომბერს იკადრა, იკადრებს ძალადობას, მოსყიდვას, მუქარას, ფიზიკურ ანგარიშსოწრებას და ათას მანკიერებას, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვების მოპოვებისთვის, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა“.

„ჩვენი ძალა არის სიმრავლეში, თავს უფლებას მივცემ და ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების სახელით ვეტყვი, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, მთელი საქართველო შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ხალხი ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომლის მოპოვებაში შენ ხელი არ უნდა შეგვიშალო, თუ დავიცავთ ამ ქვეყნის მომავალსა და ღირსებას. არც ერთ ჩვენგანს არ გვიღირს ღირსების შელახვა, ამდენ ადამიანს ვერავინ, ვერც როდიონოვი, ვერც პუტინი ვერ დაამარცხებს ვერასოდეს, რადგან მართლები ვართ, როგორც არასოდეს. მეგობრები კითხულობენ, რა არის თქვენი გეგმა, გეგმა არის ერთადერთი, გეგმა მეორე ვერ და არ იქნება, ეს გეგმა არის გამარჯვება, გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა. ჩემი თხოვნა იქნება, ყველა, 30 ოქტომბრამდე უნდა გადავნაწილდეთ საარჩევნო უბნებზე, დამკვირვებლებად და წარმომადგენლებად, არ დავიზაროთ, იქ უნდა აღვმართოთ მშვიდობიანი, ცოცხალი კედელი, რომ პარაზიტებმა ვერ მოიპარონ ამ ქვეყნის მომავალი. გამადიდებელი შუშით შევხედავთ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს. გამადიდებელი შუშით შეხედავს მთელი დასავლური დემოკრატია. თუ კიდევ გაბედავს ბიძინა ივანიშვილი ჩვენ აბუჩად აგდებას, უღირსი უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამას აპატიებს. 30 ოქტომბერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად, რათა წინააღმდეგობის გაწევის უნარიც არ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დატოვე კომენტარი