ნიკა მელია - „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზანი, კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი, დასავლური საქართველო
ნიკა მელია - „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზანი, კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი, დასავლური საქართველო

ჩვენ ძალიან ბევრთან ერთად დავწერთ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თავს და ამას დავიწყებთ აქ და ახლა, – ამის შესახებ ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს.

„ქართველი ერის ბედისწერა გამარჯვებაა. ამ ბედისწერამ მოგვიყვანა დღემდე. ეს ვერ შეცვალა ვერავინ – ვერც გარეულმა და ვერც შინაურმა მტერმა, ვერც თემურ ლენგმა, ვერც აღა მაჰმად ხანმა, ვერც სერგო ორჯონიკიძემ, ვერც ფილიპე მახარაძემ. ამ ბედისწერას, ბუნებრივია, ვერ შეცვლის ვერც ივანიშვილი. გამოგიტყდებით, ძალიან მჯერა, რომ ახლა იწყება ჩვენი ისტორიის ახალი ეტაპი, იწყება აქ და ახლა, თქვენი უშუალო მონაწილეობით, იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებიც ჯერ არც კი არიან ჩვენს ამ სახალხო პოლიტიკურ გაერთიანებაში. მაგრამ მჯერა, მეტიც, დარწმუნებული ვარ, უახლოეს თვეებში გავხდებით ბევრად მეტნი, ბევრად კვალიფიციურები, ბევრად ბრძოლისუნარიანები და ბევრად განსხვავებულები. დიახ, ჩვენ ძალიან ბევრთან ერთად დავწერთ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თავს და ამას დავიწყებთ აქ და ახლა. გამარჯვება დაიწყება აქ და ახლა. დიახ, „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნისას დაგროვილი გამოცდილებით აღსავსე პოლიტიკურ ძალას, განახლების დიდი სურვილით შეპყრობილ ძალას, რომელმაც გაიაზრა და გადაიაზრა მიღწეული წარმატებების და დაშვებული შეცდომების არსებითი ასპექტები, აქვს მიზანი, კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი, დასავლური საქართველო, სადაც უმთავრესი ღირებულებაა ადამიანის თავისუფლება, ბედნიერება და კეთილდღეობა. ჩვენ ამ ყველაფერს მორალური და კვალიფიციური პოლიტიკით მივაღწევთ. ეს არის ღირსებიდან და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების სურვილიდან ნაკარნახევი არჩევანი. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ნება, იდეა და მოტივაცია, იყოს თითოეული და ყველა თქვენგანის პარტია, რომელიც წარმატებას მოუტანს ყველას ერთად და არა საკუთარ თავს. ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს, კმარა უშინაარსო ქვეყნად ყოფნა, უფსკრულისკენ სვლა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ეს ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.