ნიკა მელია - მივესალმები, თუ სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატი იქნება
ნიკა მელია - მივესალმები, თუ სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია არ აკონკრეტებს, დააყენებს თუ არა ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებზე პარტია სანდრა რულოვსის კანდიდატურას.

როგორც მელიამ აღნიშნა, მაისში 14 საარჩევნო ოლქში არის შუალედური არჩევნები, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა კანდიდატებთან, ასევე, ოპოზიციასთან მჭიდრო კონსულტაცია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებაში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.

„ერთ-ერთი ოლქია ზუგდიდი, სადაც უახლოეს დღეებში შეირჩევა ღირსეული კანდიდატი. მე პოლიტსაბჭოს მოქმედი თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი ვარ. ვინც იქნება მომგები კონკრეტულ მდგომარეობაში, იქნება მაღალი შანსები და რეიტინგი, ის კანდიდატი იქნება ჩვენი მხრიდან. ტარდება კვლევები, კვლევების შესაბამისად პოლიტიკური პარტია იღებს გადაწყვეტილებებს. 24 მარტს ჩატარდება ყრილობა „ნაციონალური მოძრაობის“ და იქ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი დასახელდება“,-აღნიშნა მელიამ და არ გამორიცხა, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატი პარტიის ყრილობაზეც დასახელდეს.

მისივე თქმით, მიესალმება, თუ სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატი იქნება.

„ვფიქრობ, სანდრა რულოვსის კანდიდატობის შემთხვევაში, მე, როგორც პარლამენტის მოქმედ წევრს, კიდევ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია საერთო საქმისთვის“,- განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას, ნიკა მელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტიის მმართველ რგოლებში იყვნენ სახეზე მყოფი ლიდერები.

„სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა შესაძლებლობა იყოს იქ, სადაც ახლა ვართ ჩვენ. აუცილებელია, პარტიას ჰყავდეს მოქმედი თავმჯდომარე“,- აღნიშნა ნიკა მელიამ.