ნიკა მელია - მინდა, ვიყო ქალაქის ის მერი, რომელიც ისეთნაირად გაუწოდებს დახმარების ხელს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, აქტივისტს და მათაც კი, ვინც დაიქირავეს ქალაქის ზიზღის პლაკატებით მოსართავად
ნიკა მელია - მინდა, ვიყო ქალაქის ის მერი, რომელიც ისეთნაირად გაუწოდებს დახმარების ხელს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, აქტივისტს და მათაც კი, ვინც დაიქირავეს ქალაქის ზიზღის პლაკატებით მოსართავად

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ გასაკვირი არ იყო დედაქალაქის ქუჩებში ღამით ზიზღის შემცველი პლაკატების გამოჩენა.

„სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს, ბევრი მიზეზია, გაკვირვებისთვის სივრცე რომ აღარ დაგვიტოვეს. ჩამოვთვლი რამდენიმე მიზეზს. პირველი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით არის წარმოდგენილი მართვის სადავეებთან, მათი მთავარი საფირმო ნიშანი, მთავარი ხელწერა არის ძალადობა, ზიზღი, შუღლის გაღვივება, ბალღამის და ბოღმის ნთხევა. ამას ახორციელებდნენ მთელი ამ 9 წლის განმავლობაში, სხვადასხვა მექანიზმებით და ფორმებით; მეორე მიზეზი, როდესაც ვიცით, რომ ამ ზიზღის ფრქვევის კამპანიის ავანგარდში დგანან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მაგალითისთვის კულტურის მინისტრი, ქალბატონი წულუკიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებზე ძალადობს და მეტიც, ძარცვავს ჟურნალისტს და ვითომც არაფერი. ამის შემდეგ ჟურნალისტი საპატრულო პოლიციას იძახებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უძლურნი არიან აღასრულონ კანონი, ვინაიდან პოლიტიკური დავალება არ აქვთ, სადაც დასასჯელია დამნაშავე, დაისაჯოს.

პრემიერ-მინისტრი ამ ძალადობის, ზიზღის კამპანიის ფრქვევის ავანგარდში დგას პრაქტიკულად; „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი, რომელიც ძალადობაში ფიზიკურად არის ჩართული, არა უბრალოდ ზიზღის კამპანიას აწარმოებს, არამედ ძალადობს კოლეგა ოპოზიციონერებზე, მათ შორის, ქალ დეპუტატებზე. ამიტომ აქ გასაკვირი არაფერია. მაგრამ მთავარი, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქალაქი არის და უნდა იყოს ყველასი, გარდა სიძულვილისა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, დედაქალაქში სიძულვილისა და ზიზღის ადგილი აღარ უნდა იყოს.

„კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი შვილები, ჩემი შვილი, რომელიც წელს სკოლაში უნდა წავიდეს და მაგალითად კახა კალაძის შვილები ერთად უნდა ცხოვრობდნენ და ერთად მოუწევთ ცხოვრება ამ ქალაქში. ერთ უნივერსიტეტებში მოუწევთ, საერთო სკოლებში მოუწევთ სიარული, საერთო სპორტულ დარბაზებში მოუწევთ ვარჯიში. აქედან უნდა ამოვიდეთ და ჩვენ ფიქრი უნდა დავუქვემდებაროთ მხოლოდ და მხოლოდ ამ მიდგომას.

ჩვენი ფიქრი მომავალზე უნდა იყოს მიმართული. მხოლოდ ასე უნდა ვიმოქმედოთ და ითქვას სიტყვაც კი. ჩვენ ვიმსახურებთ ისეთ თბილისს, სადაც სიძულვილი არ ჭარბობს, სადაც არ არის შურისძიება და არის მიტევება. ვიმსახურებთ, მე ვფიქრობ, 2021 წელია. ამისთვის საჭიროა საღი აზრის ფარგლებში მოვექცეთ ყველა და ამ ზიზღის კამპანიის შესაძლებლობა და გასაქანი ხელისუფლებას არ მივცეთ. ეს კამპანია, რომელსაც ივანიშვილის გუნდი აწარმოებს, კალაძესთან, ღარიბაშვილთან, წულუკიანთან, კობახიძესთან ერთად, ვერ ჰპოვებს მოჭიდებას. ჩვენთვის მთავარია, ყველანი ერთად მტკიცედ მივიდეთ საარჩევნო უბნებთან და ამ ზიზღის კამპანიას გავცეთ პასუხი.

პოლიტიკაზე მეტი არის თბილისი. არ მინდა, იმ ქალაქის მერი ვიყო, სადაც ჩემში ვერ დაინახავენ ობიექტურ მერს. მინდა, ვიყო ქალაქის ის მერი, რომელიც ზუსტად ისეთნაირად გაუწოდებს დახმარების ხელს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, აქტივისტსაც კი, აი, იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც გუშინ ღამით დაიქირავეს და ქალაქი მორთეს ამ ზიზღის პლაკატებით. მინდა, ვიყო ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის მერი.

გუნდი, რომლითაც გადამწყვეტ არჩევნებში შევედით ამ და სხვა პრობლემებს მოაგვარებს და მოაგვარებს ერთ დღეში. როდესაც ეცოდინება ნებისმიერი სივრცის და დროის ქალაქის მერს, თუკი იგი გადადგამს დანაშაულებრივ ნაბიჯს და ამაზე პასუხს მოსთხოვს თუნდაც საკრებულოს თავმჯდომარე ან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც კოალიციურად იქნებიან წარმოდგენილი ხელისუფლებაში ამას ვერ ჩაიდენს და ვერ გაბედავს ვერც ერთი მერი ვერასოდეს. დღეს, როდესაც დღეს მიტაცებული აქვთ ყველა სახელისუფლებო შტო, ბუნებრივია მათ დანაშაულის ჩადენა ნორმად ექცათ. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ, სიყვარულისკენ, პატივისცემისკენ, ურთიერთგაგებისკენ და სიმტკიცისკენ, რაც მთავარია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც ქუჩებში თვითნებურად გააკრეს პლაკატები და მათივე ცნობით, სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან.