ნიკა მელია - მგონი, რომ მოვინდომოთ, ვიტალი შკლიაროვის განცხადებაში ვერაფერს უცნაურს ვერ ამოვიკითხავთ
ნიკა მელია - მგონი, რომ მოვინდომოთ, ვიტალი შკლიაროვის განცხადებაში ვერაფერს უცნაურს ვერ ამოვიკითხავთ

მგონი, რომ მოვინდომოთ, ვერაფერს უცნაურს ვერ ამოვიკითხავთ ვიტალი შკლიაროვის განცხადებაში, – ასე აფასებს ნიკა მელია „ეხო მოსკვის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის რუსი პიარტექნოლოგი, ვიტალი შკლიაროვი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს.

მელიას განცხადებით, პერსპექტივებზე მსჯელობისას, სტატიაში ხაზგასმულია, რომ არავინ წაგებული არ დარჩება და მოხდება ის, რაც 2012 წელს ვიხილეთ.

„2012 წლის პირველ ოქტომბერს რა მოხდა?! საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოხატა ნება, ანუ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა საარჩევნო ურნებთან წინა ხელისუფლებას მოუწყო რევოლუცია მშვიდობიანად, აუღელვებლად, ორგანიზებულად. დაახლოებით იგივე მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, – მე ასე წავიკითხე ეს სტატია. 2012 წლის პირველი ოქტომბერი არ იყო უბრალოდ არჩევნები, მაშინაც რეფერენდუმი იყო და ახლაც, ორი კვირის წინ ანალოგიურად, საარჩევნო ურნებთან ისეთი ადამიანები მივიდნენ, რომლებიც ძირითადად არ დადიოდნენ არჩევნებზე”, – ამბობს ნიკა მელია.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციურ სცენარს გამორიცხავს და მოსახლეობას საარჩევნო ურნებთან მისვლისკენ მოუწოდებს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ დაეთანხმება მეორე ტურის შედეგებს, კითხვაზე პასუხად ნიკა მელია განმარტავს, რომ სხვა შედეგი არ დადგება, რადგან მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნებს ვერ გააყალბებს.

„დარწმუნებული ვარ ჩვენს ძალებში და განწყობებს ვხედავთ. ჩვენი ამოცანა არის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების დღეს მაქსიმალურად შევბოჭოთ იმდაგვარად, რომ არ მივცეთ გასაქანი გაყალბებისთვის. გაცილებით უფრო დიდი სხვაობით დამარცხდება „ქართული ოცნება“, ვიდრე მას წარმოუდგენია. მინიმუმ 200 000 ხმით დამარცხდება სალომე ზურაბიშვილი კარს მომდგარ არჩევნებზე. საარჩევნო ურნებთან მოსახლეობის უფრო დიდი რაოდენობა გამოცხადდება. ხელისუფლებას იმის რესურსიც არ აქვს, რომ არჩევნები გააყალბოს. ვერ ყალბდება, მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში, ნიკარაგუაშიც კი არ გაყალბებულა არჩევნები ისე, რომ სალომე ზურაბიშვილის დარი გამარჯვებულად გამოეცხადებინოთ, ეს არის ფაქტი, რომელიც დადასტურდა ორი კვირის წინ”, – უთხრა პირველ არხს ნიკა მელიამ.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის ამოცანაა, ორგანიზებულად, მშვიდად მისვლა საარჩევნო ურნებთან, რევოლუციური სცენარი კი არ განიხილება.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუსმა პიარტექნოლოგმა, ვიტალი შკლიაროვმა რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა – „სამი დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან“. შკლიაროვი აღნიშნავს: „არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში შეიძლება, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ ან ხელისუფლების ცვლილება, არამედ ცვლილებების მშვიდობიანი და ნამდვილი დემოკრატიული „რევოლუცია“.