ნიკა მელია - ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ამ ძნელბედობის ჟამს დემოკრატიის გადარჩენას ემსახურება
ნიკა მელია - ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ამ ძნელბედობის ჟამს დემოკრატიის გადარჩენას ემსახურება

ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ამ ძნელბედობის ჟამს დემოკრატიის გადარჩენას ემსახურება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოში ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების წუხილი ძირითადად ქვეყნის მომავალს უკავშირდება, რადგან ასეთ მდგომარეობაში საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში არავინ მიიღებს.

„აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და არ ემსახურება კონკრეტულად ნიკა მელიას დაჭერას. ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი ქვეყანაში ვიზიტს მომდევნო თვის დასაწყისში გეგმავდა, მაგრამ გადმოსწია თარიღი, რადგან არაორდინალური ვითარება შეიქმნა. ჩვენი პარტნიორები ცდილობენ, რომ ქართული დემოკრატიის განადგურებას ხელი შეუშალონ. ეს ვიზიტი ემსახურება დემოკრატიის გადარჩენას ამ ძნელბედობის ჟამს, ამ რადიკალიზაციის ფაზაში.

საკითხი იმას კი არ ეხება, ნიკა მელიას ხელზე დაედება თუ არა ოკუპანტის ბორკილი, არამედ საკითხი სხვა მიმართულებით არის მწვავე. სანამ სახელმწიფოში თავისუფალ და ობიექტურ არჩევნებში დამარცხებული გამარჯვებულს არ მიულოცავს, ეს წყობა, რომელშიც ვართ, დემოკრატიულ წესწყობილებად ვერ ჩაითვლება. ესეც არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, გამარჯვებულმა აღიაროს დამარცხებული.

დღეს მთელი ოპოზიცია და საზოგადოება ნიკა მელიას მხარდასაჭერად კი არ გაერთიანდა, რეალურად ვიბრძვით დემოკრატიის გადასარჩენად. ხელისუფლება სანამ არ მიხვდება, რომ მან უნდა აღიაროს ოპოზიცია, პროცესები ვერ ნორმალიზდება. ჩვენი მთავარი მოკავშირის ვიზიტის ფარგლებში თუკი რამე წუხილია წინა პლანზე წამოწეული, ეს არის ჩვენი პერსპექტივა მომდევნო წლებში. ასეთ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს არავინ დაელოდება ნატო-სა და ევროკავშირში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.