ნიკა მელია - ხელისუფლებაში ყოფნისას „ნაციონალური მოძრაობა“ გიჟდებოდა მონა მოსამართლეებზე, ეს იყო პრობლემა, დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულია და საკუთარ შეცდომებზე ნასწავლი აქვს
მხოლოდ წარსულის დიდებით ჩვენ წინ ვერ ვივლით, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.
„მთავარ არხთან“ საუბრისას ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას „ნაციონალური მოძრაობა“ „გიჟდებოდა მონა მოსამართლეებზე“, რაც იყო პრობლემა, ხოლო დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულია, საკუთარ შეცდომებზე აქვს ნასწავლი.
„წარმოუდგენელი რამ დაემართა „ქართულ ოცნებას“ და რატომ დაემართა? გააზრებულმა ამომრჩეველმა მიატოვა „ქართული ოცნება“, როცა დაინახა, რომ ისინი აღარ არიან რეალურად პროევროპულები. ამას ოსტატურად ნიღბავდნენ წლების განმავლობაში და ვაღიაროთ, ვერც მე, ვერც თქვენ, ვერც ვერავინ ამ ქვეყანაში და ქვეყნის მიღმა ვერ ვარწმუნებდით ფართო საზოგადოებრივ მასებს, ჯგუფებს, რომ რეალურად ხდება ის, რაც ახლა ხდება. ეს პრობლემა როგორც კი დაინახა ცხადად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა, მოკლედ, ეს ადამიანები არიან ახლა ჩვენი პოტენციური მოკავშირეები. როგორ უნდა მოვიმხროთ ეს ადამიანები, როგორ უნდა შევიკრათ ერთ გუნდად, როგორ უნდა გადავდოთ პარტიული ამოცანები გვერდით, როცა ამ ადამიანებს ვესაუბრებით, ყოფილი „ქართული ოცნების“. 100 000 ამომრჩეველი ჰყავთ თბილისში დაკარგული. მე ამ ამომრჩეველს, რომელიც გუშინ „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, დღეს კი ჩემთან ერთად იბრძვის, რათა იაროსლავში არ ამოვყოთ თავი, თუ ვეტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემა იყო დამოუკიდებელი, ამ ადამიანს ვერასოდეს გავიხდი მოკავშირედ. ჩვენ უნდა ვუთხრათ – დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც იყო ხელისუფლებაში, გიჟდებოდა მონა მოსამართლეებზე, ჭკუა ეკეტებოდა. ეს იყო პრობლემა. ეს მინდა, გაიგოს ყველა უკვე ჩვენმა პოტენციურმა მოკავშირემ, რომ დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულია და საკუთარ შეცდომებზე ნასწავლი აქვს.
დღეს რომ კიდევ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში და საარჩევნო სისტემით ახერხებდა ფონს გასვლას და პროპორციულ სისტემას ვერა და ვერ ვეღირსეთ, მინდა, „ქართული ოცნების“ ყოფილ ამომრჩეველს ვუთხრა, თვითგვემის დრო არ არის; ეს არის გულწრფელი დამოკიდებულება, რომ დიახაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებაში როცა ვიყავით, პირველი მოსმენით კენჭი უყარა პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მაგრამ მეორე მოსმენით აღარ უყარა კენჭი, რადგან თქვეს, ოპოზიციამ არ მოგვიგოსო. შესაბამისად, დღეს ეს მორჩილი მოსამართლეები ყველას დაგვერივნენ და ამ უკუღმართმა საარჩევნო სისტემამ ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა მთელი ქვეყანა, რომ სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაკარგვის ზღვარზე ვართ“, – განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარ არხთან“.