ნიკა მელია - ჯერ კიდევ გაქვთ საათები, რომ მიხეილ სააკაშვილი თქვენი ხელით გადარჩეს, თორემ ჩვენი ხელით აუცილებლად გადავარჩენთ
ნიკა მელია - ჯერ კიდევ გაქვთ საათები, რომ მიხეილ სააკაშვილი თქვენი ხელით გადარჩეს, თორემ ჩვენი ხელით აუცილებლად გადავარჩენთ

ჯერ კიდევ გაქვთ საათები, რომ მიხეილ სააკაშვილი თქვენი ხელით გადარჩეს, თორემ ჩვენი ხელით ამ ადამიანს აუცილებლად გადავარჩენთ, – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიამ ხელისუფლებას მოუწოდა, უახლოეს საათებში გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ჰოსპიტალში.

ამასთან, მოქალაქეებს მიმართა, ხვალ, სამ საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქციაზე მივიდნენ.

„ხელისუფლებას აქედანვე ვეტყვი, თუ კიდევ შეგრჩენიათ რაიმე საღი აზრი ან ჭკუა, ხვალ სამ საათამდე, უახლოეს წუთებში, საათებში გადაიყვანეთ ადამიანი, რომელიც დატყვევებული გყავთ, სამოქალაქო ჰოსპიტალში. იქ, სადაც მთელი ერი მოგიწოდებთ, არ დარჩა ექიმიც კი, რომელიც არ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს თქვენ იქ დატყვევებით კლავთ, მაგრამ ამას არ აკეთებთ. რადგან თქვენ ამას არ აკეთებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ მოკლათ, ამ რეჟიმისგან ეს სახელმწიფო გათავისუფლდეს და არც ერთი ადამიანი აღარ იყოს დატყვევებული. ხვალ, სამ საათზე ყველანი რესპუბლიკის მოედანზე. მათ გასაგონად, ვინც დააპირებს თბილისში ხვალვე ჩამოსვლას, თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ სამართლიანი, არაძალადობრივი ბრძოლისთვის. ბრძოლა, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით და თუ არ დასრულდება, ბიძინა ივანიშვილო, ძალიან მალე, ამ ყველაფერს დაინახავ. ამიტომ, შენ კიდევ გაქვს დრო, ბიძინა ივანიშვილო, ღარიბაშვილო, კობახიძე და მალევე ჩაუპატაკებთ, რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლებსაც გადავუთარგმნით, თუ რაზე ვსაუბრობ ახლა მე. ჯერ კიდევ გაქვთ საათები იმისთვის, რომ ადამიანი თქვენი ხელით გადარჩეს, თორემ ჩვენი ხელით ამ ადამიანს აუცილებლად გადავრჩენთ. მაგრამ, ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, ადამიანი, რომელიც უკვე მოკლულია თქვენი ხელით, გადაარჩინოთ. ამიტომ, სამ საათზე რესპუბლიკის მოედანზე გელოდებით ყველას, ყველას, ყველას, ჩაიცვით თბილად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დატოვე კომენტარი