ნიკა მელია - ღამის თენება არ არის აუცილებელი, პროტესტის გაშლა დილიდან მოხდება მთელ თბილისში
ღამის თენება არ არის აუცილებელი, პროტესტის გაშლა დილიდან მოხდება მთელ თბილისში, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.
მელიას თქმით, ხვალ თბილისში რამდენიმე აქცია გაიმართება.
„ხვალ დილიდან, 11:00 საათზე ერთდროულად სამ ადგილას გაიმართება აქცია – იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან, სადაც მთელი სიბოროტეა და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია, ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, იქნება მეოთხე ადგილასაც აქცია, რომელსაც ახლა განგებ არ დავასახელებ. ყოველდღე შევეგუოთ, რომ ბრძოლა იქნება დამღლელი, მაგრამ დიდი გამარჯვებები. დილიდან ენერგია უნდა გამოვაცალოთ რეჟიმს და არა ღამისთევებით რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. აპრობირებული მეთოდია ბრძოლის გაშლის სხვადასხვა ფრონტზე. წუწუნის დრო არ არის, ბრძოლის დროა. ყოველ დღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება. გეგმებს შეგატყობინებთ ხოლმე რამდენიმე წერტილთან მიმართებაში. ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ დავასახელებ და იმტვრიონ თავი „ქართული ოცნების“ სპეცდანიშნულების რაზმებმა, თუ პოლიციის უფროსებმა. ძალ-ღონე უნდა მოვიკრიბოთ. გამარჯვება იქნება ჩვენს მხარეს. გვახსოვდეს, რომ ადამიანი მე-40 დღეა, შიმშილობს და სახლში ჯდომის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ღამის თენება არ არის აუცილებელი, მაგრამ დილიდან მთელ თბილისში გაშლა ამ პროტესტის ხვალიდან მოხდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.