ნიკა მელია - გახარიასთან ჩემი პოლიტიკური ალიანსის ბავშვს არ სჯერა, ბავშვს
ნიკა მელია - გახარიასთან ჩემი პოლიტიკური ალიანსის ბავშვს არ სჯერა, ბავშვს

ნიკა მელია სოლიდარულია ქართული საზოგადოების მიმართ, მე ვერ შევიდოდი შეჯიბრებაში ნარკოურთიერთობების თვალსაზრისით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ კომენტარს, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით „ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელ გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა“.

მისივე თქმით, გახარიასა და კალაძეს შორის ნარკოურთიერთობების გარკვევის მცდელობის სურვილიც არ ჰქონდა.

„ნიკა მელია სოლიდარულია ქართული საზოგადოების მიმართ. ეს არის ასე. მე ვერ შევიდოდი შეჯიბრებაში ნარკოურთიერთობების თვალსაზრისით, ნამდვილად ვერ შევიდოდი და არც მქონდა სურვილი, ბატონ გახარიას და ბატონ კალაძეს შორის ნარკოურთიერთობების გარკვევის მცდელობა მაინც მქონოდა და ასეც მოვიქეცი“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ამასთან, მელიას განმარტებით, მისთვის ირაკლი კობახიძის განცხადებები საინტერესო არ არის.

„ჩემთვის  უინტერესოა, რას საუბრობს კობახიძე და საერთოდ არაფერს ნიშნავს, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის. 2 ოქტომბრის შემდეგ არავის დააინტერესებს ბატონი კობახიძის განცხადება, ამაშიც დარწმუნებული ვარ. გასაგებია, რას ცდილობს ბატონი კობახიძე. ცდილობს, უბრალოდ საეთერო დრო შეავსოს. რამე ხომ უნდა თქვას. უნდა თქვას სიმართლე, რომ არიან მოძალადეები, რომ 54 000 ფაილი გვაქვს საეკლესიო პირების მიმართ, ჟურნალისტებს ვცემთ, კრიმინალი ზეიმობს ქალაქში. ამას ვერ ამბობს, მაშინ რა უნდა გითხრან, 24 საათი საუბრობენ სისულელეს, რაზეც კომენტარის გაკეთება მეუხერხულება. დიაგნოზი დასმულია, რეჟიმი არის გაშიშვლებული. რეალური სახე – მანკიერება ყველასთვის ცნობილია და ნუღა გვიკვირს, როგორც იქცევა კობახიძე, ღარიბაშვილი. დავინახეთ, როგორ იქცევა ეს ხალხი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, გახარიასთან ალიანსზე საუბარი სასაცილოა და ამის ბავშვსაც არ სჯერა.

„ყველას ეცინება, ვინც ამას ისმენს. ვინც პოლიტიკურ პროცესებს თვალყურს ადევნებს, მთელ ქვეყანაში ყველამ იცის, თუ ვინმე არის ჩემთვის მიუღებელი და თუ ვინმე არის გახარიასთვის მიუღებელი, ვართ ერთმანეთი. იმდენად მიუღებელია ჩემთვის ბატონი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, როგორც „ქართული ოცნების“ არვიცი, ყველაფერი – შსს მინისტრი, პრემიერი და ა.შ. განსაკუთრებით, ვიდრე ეს ბატონი არ მეტყვის, რატომ მოკლეს ია კერზაია, რა მოხდა 20 ივნისს, საუბარი იმაზე, რომ ბატონ მელიას და ბატონ გახარიას შორის რაღაც კომუნიკაცია, კორდინაცია არსებობს, პოლიტიკური ალიანსი აქვსო, ბავშვს არ სჯერა, ბავშვს. ბატონი გახარია ჩემთვის არის ადამიანი, რომლის კისერზეც ძალიან ბევრი პოლიტიკური ცოდვა და ახალგაზრდა ადამიანების დაღვრილი სისხლია ამ ადამიანის მიერ, თვალებია დათხრილი რუსთაველის გამზირზე. ბატონი კობახიძე როცა გამოდის და ამას ამბობს, ვერ ითვალისწინებს მთავარს, წლების განმავლობაში საზოგადოებამ ბევრი რამე შეიტყო, რაც უნდა ქნას, მას არავინ უსმენს და უჯერებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დატოვე კომენტარი