ნიკა მელია - გაფრთხილებთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებით
ნიკა მელია - გაფრთხილებთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებით

როგორც იქცევით ახლა ამ დარბაზში, ადასტურებს, რომ თქვენი პოლიტიკური გუნდი აბსოლუტურად შორის არის პასუხისმგებლობისგან, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა. მის გამოსვლას პარლამენტში კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოყვა, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარემ მელიას მოუწოდა, დარბაზი დაეტოვებინა.

მანამდე კი სიტყვით გამოსვლის დროს მელიამ განაცხადა, რომ უმრავლესობას გააზრებული არ აქვს ქვეყნის სადავეებთან ყოფნა. მისი თქმით, პარლამენტში მარტოც რომ დარჩეს, ყველაფერს გააკეთებს, რათა საკანონმდებლო ორგანოში ხალხის ხმა ისმოდეს.

„ერთი პიტარდები არ გისვრიათ იქიდან, სადაც სხედხართ. არ ვიცი, რამდენად ხედვას საზოგადოება და ისმის, როგორ იქცევა თქვენი დეპუტაციის უდიდესი ნაწილი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ კოლეგებო, თქვენ არ გაქვთ გააზრებული, რომ მართვის სადავეებთან ხართ და თქვენ განსაზღვრავთ ამ ქვეყანაში ადამიანების ბედს, თქვენ შემოგცქერიან პენსიონრები, ბავშვები, სტუდენტები და საქართველოს  ნებისმიერი მოქალაქე. წესითა და რიგით უნდა ეიმედებოდეთ, მაგრამ სანაცვლოდ იღებენ აი ამ დამოკიდებულებას.

მე დღეს აბსოლუტურად სხვა გამოსვლა მინდოდა მქონოდა, მაგრამ დღის განმავლობაში, როდესაც გისმენდით, ძალიან ბევრჯერ შემეცვალა აზრი და საერთოდ იმასაც ვფიქრობდი, საერთოდ აქვს კი აზრი თქვენ მოგმართოთ მას შემდეგ, რაც გუშინ იკადრეთ და განსაკუთრებით თქვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელი კადრულობდა, მაგრამ გუშინდელი დღე დღევანდელთან შეადრებით არის არაფერი.

მთელმა „ქართული ოცნების“ გუნდმა თქვენის თამადობით და მათ შორის მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით, დიახაც, მხარი კი არ აუბით, უბრალოდ, წაახალისეთ ძალადობა და თქვენ ღირსების დაცვის ეგიდით, რეალურად, ახალი ბიძგი მიეცით დაპირისპირებასა და ურთიერთქიშპობას ამ ქვეყანაში.

დიახაც, ქალბატონი ეკა ბესელია საუბრობდა ძალიან ბევრს, რომ ღირსება არის უმნიშვნელოვანესი და ღირსება უნდა დაიცვას მათ შორის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, ქალბატონო ეკა ბესელია, რომ 10 მკვლელიდან 8 მკვლელი იძახის, რომ ღირსება რომ დავიცავი, იმიტომ ჩავიდინე მკვლელობა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე როდესაც გამოდის და მოუწონებს საქციელს პრემიერ-მინისტრს, რომელიც  აბსოლუტურად შორს არის საღი აზრისგან, დიახაც, მიანიშნებს იმას, რომ ხვალინდელი და ზეგინდელი დღე ამ ქვეყანაში იქნება უმძიმესი და ამან უკვე ჰპოვა თავისი ასახვა. თქვენ სათავე დაუდეთ დაპირისპირებას, ბიძგი მიეცით ახალ დაპირისპირებას და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება.

ვიდრე თქვენ აქ იმყოფებოდით და ლაზღანდარობდით, ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრი ქალბატონი, ვინმე ხოფერია და ბატონი ოქიტაშვილი ჩვენს პოლიტიკური საბჭოს წევრს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ზუსტადაც რომ ღირსების ეგიდით. ბატონო გიორგი, იცით, რატომ? თქვენ მიეცით ამის მაგალითი და დაუდეთ სათავე. თქვენს ადგილზე დღეს პარლამენტში არ მოვიდოდი, დავწერდი განცხადებას და წავიდოდი, იცით რატომ? იმიტომ რომ ვერ აცნობიერებთ, რას დაუდეთ სათავე. ხვალინდელი და ზეგინდელი დღე შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს თქვენს პოლიტიკურ გუნდს, თქვენ წაახალისეთ ძალადობა და მიეცით კიდევ ერთი დამატებითი ახალი ბიძგი.

მე მოგიწოდებთ შს მინისტრს, შს მინისტრმა დაადასტურა, რომ იგი გახლავთ მხოლოდდამხოლოდ „ქართული ოცნების“ შს მინისტრი, გააკეთა განცხადება, რომ არანაირი კონტაქტი და ნული რეაქცია გაკეთდება იმ ძალასთან მიმართებით, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე ნახევარი მილიონი მოქალაქის მხარდაჭერით სარგებლობს და ეს არის პოლიტიკური დისკრიმინაცია და თქვენ ყველაზე წამყვანი უწყების ხელმძღვანელს ძალიან კარგად უნდა გესმოდეთ, რა განცხადება გააკეთეთ და ასევე როგორ აუბით მხარი ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ამიტომ ახლა მოგიწოდებთ, აიღეთ ტელეფონი ხელში და მკაცრ კონტროლზე აიყვანეთ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკავშირდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს ეკა წამალაშვილს, რომელიც პირდაპირ ეთერში იქნა ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი, სწორედაც რომ თქვენი უპასუხისმგებლობის გამო და გაფრთხილებთ, ნუ ეთამაშებით ცეცხლს, პატივი ეცით აზრთა სხვადასხვაობას ამ ქვეყანაში.

პატივი ეცით პლურალიზმს. ამ დარბაზში თქვენ ხართ უმრავლესობაში, მაგრამ ამან არ შეგაცდინოთ. თქვენ არ ხართ უმრავლესობაში. ამ ქვეყანაში შეწუხებული, დაჩაგრული და ეკონომიკურად შეჭირვებული ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ხართ თქვენ, ამიტომ რაც არ უნდა ბევრნი იყოთ, მარტო რომ დავრჩე აქ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხალხის ხმა ამ პარლამენტში ისმოდეს ყოველთვის, რაც არ უნდა ბევრნი იყოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.