ნიკა მელია -  ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი, მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს
ნიკა მელია -  ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი, მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს

ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი, მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის კანდიდატობის რეკომენდაციებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელიამ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

„გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის დეპუტატების გამონათქვამები კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებულს ჰგავს. მათ კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებული აქვთ არა მხოლოდ გამონათქვამები, არამედ მათი ყოველი ქმედება ნაკარნახევია სწორედ კრემლიდან და მათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია უკან, რუსულ, იმპერიულ წიაღში დასაბრუნებლად“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა რანგის პოლიტიკურ ფიგურებთან, მათ შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლობასთან.

„ევროპელი მეგობრები სრულად იზიარებენ ჩვენს სწრაფვას დასავლეთისკენ და გვეხმარებიან, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი, მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის კანდიდატობის რეკომენდაციებს“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ასევე დაესწრო ლისაბონში ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანების ასამბლეას, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს.

„რეზოლუციაში მკაფიოდ აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას და აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას; ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა საქართველოში – მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ხოლო ნიკა გვარამია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. რეზოლიციაში პირდაპირ აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მიტაცებულია და მტკიცედ დაფიქსირებულია ურყევი პოზიცია ოლიგარქ ივანიშვილის დასანქცირების აუცილებლობის შესახებ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებ, ჩვენი პოლიტიკური ძალის უმთავრესი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება საქართველოს თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაცია, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და მისი გადაყვანა დასავლურ სამედიცინო დაწესებულებაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და მედიის თავისუფლება,  თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“, – განაცხადა მელიამ.