ნიკა მელია - კირკიტაძე და მერაბიშვილი საზოგადოებას აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან, როგორც ჩანს, მათ ყოველთვის ეგონათ,  რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მოკლებულია ღირსებას
ნიკა მელია - კირკიტაძე და მერაბიშვილი საზოგადოებას აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან, როგორც ჩანს, მათ ყოველთვის ეგონათ,  რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მოკლებულია ღირსებას

დარწმუნებული ვარ, სიმართლე არის იქ, სადაც მე ვდგავარ, არა იმიტომ, რომ მე ვარ მართალი, უბრალოდ, ასეთი არჩევანი გავაკეთეთ მე და ძალიან ბევრმა ადამიანმა. დათო კირკიტაძე და ვანო მერაბიშვილი, რომლებიც ერთნი არიან, რა კომენტარს გააკეთებენ, ეს არის მეასეხარისხოვანი, საზოგადოებას აბსოლუტურად მოწყვეტილნი არიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახლანდელი მენეჯმენტის სახეს საზოგადოება კარგად ხედავს.

„არაფერი აინტერესებს ახლა დათო კირკიტაძეს, სიაში მოხვდეს ერთი სული აქვს. ბიძინას დამარცხება უნდა დათო კირკიტაძეს ვანო მერაბიშვილთან ერთად? უახლოესი მეგობრები რომ არიან და ბიზნესში არიან ჩართულები. ფარისევლობას, სიყალბეს ვებრძვი წლების განმავლობაში და ამ ყველაფრის პერსონიფიკაცია იყო და არის „ქართული ოცნება“, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჩადგნენ ამ სიყალბეში იგივენაირად. კარგია, რომ საზოგადოება ხედავს მათ მორალურ და რეალურ სახეს. იმის მაგივრად, რომ საკუთარი დანაპირები შეესრულებინათ და ბრძოლა გაემართათ ივანიშვილის წინააღმდეგ, ქუჩა არ გადაუკეტავთ უკანასკნელი რვა თვის მანძილზე, კვლავ მიხელ სააკაშვილის სახელს არიან ამოფარებულები“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ მენეჯმენტს ჰგონია, რომ პარტიის ამომრჩეველი მოკლებულია ღირსებას.

„პრობლემა რამაც გამოიწვია,  ძალიან კარგად იცის ვანო მერაბიშვილის უახლოესმა მეგობარმა, კირკიტაძემ, რომელსაც, ბიზნესის გარდა, არაფერი აინტერესებს, პოლიტიკაში იმიტომ არის, რომ ბიზნესს უნდა უზრუნველყოფა, წარმოაჩინა ამ ადამიანმა საკუთარი თავი ბოლო თვეებში და, მგონი, არც მალავს. იქნებ, საკუთარ თავს დაუსვან კითხვა, რატომ აიგივებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ამომრჩეველი ვანო მერაბიშვილს და დათო კირკიტაძეს „ქართულ ოცნებასთან“, იმიტომ ხომ არა, რომ მებრძოლი ადამიანები გაყარეს პარტიიდან? კირკიტაძეს და მერაბიშვილს ყოველთვის ეგონათ, როგორც ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მოკლებულია ღირსებას, რწმენას. დარწმუნდნენ, რომ ეს ასე არ არის, აქ არაფერ შუაშია ნიკა მელია, აქ საუბარია ათასობით ამომრჩეველზე“, – განაცხადა მელიამ.