ნიკა მელია - ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით შეიძლება, დაიხსნა კრიმინალი ან პოლიტიკოსი, ორივე შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე 
ნიკა მელია - ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით შეიძლება, დაიხსნა კრიმინალი ან პოლიტიკოსი, ორივე შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე 

ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით შეიძლება, დაიხსნა კრიმინალი ან პოლიტიკოსი, ორივე შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს მისთვის გადახდილ გირაოს თანხასთან დაკავშირებით განუცხადა.

„მე თვალყურს ვადევნებდი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ოლიგარქის მიერ სხვადასხვა  თანამდებობაზე დანიშნული დასაქმებული ხალხის კომენტარებს. მე რაც არ უნდა ვთქვა, ამ ადამიანებს საჯარო პოზიციას ვერ შევაცვლევინებ. თუ თვლიან, რომ ჩვენმა პარტნიორებმა თანხა იმიტომ გადაიხადეს, რომ ამით დაადასტურეს ჩემი ბრალეულობა, ამ უსაგნო კამათს განა აზრი აქვს? ორი შედეგია, ან „ქართულ ოცნებაზე“ დაყრდნობით თანხა ჩაერიცხა მძიმე კრიმინალს, როგორსაც მე მიწოდებენ, საერთაშორისოდ უკვე აღიარებულ კრიმინალს, რომელიც ალბათ კონკურენციას გაუწევს „ქართული ოცნების“ კარზე დასაქმებულ კრიმინალებს და ესეც არ მგონია, მათთვის იყოს სასიამოვნო. ეს ნახევრად ხუმრობით. ან მეორე – ჩაურიცხეს ხელისუფლებას პოლიტიკოსის გამოსასყიდად. ორი გამოსავალია, ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, შეიძლება, იერით ვგავდე კიდეც კრიმინალს, არ ვიცი, ან პოლიტიკოსი. ორივე შემთხვევაში, ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან, საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად, ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ხელისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

მოსამართლემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, ნიკა მელიას პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

მიმდინარე წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების გათვალისწინებით, წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო.

დატოვე კომენტარი