ნიკა მელია - ჩვენი პარტია თბილისში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო შეთანხმების კანდიდატებს
ნიკა მელია - ჩვენი პარტია თბილისში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო შეთანხმების კანდიდატებს

ვაცხადებ, რომ ჩვენი პარტია თბილისში, არსად, არც ერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს, – ამის შესახებ „ნაცინალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მომავალი არის კოალიციური მთავრობა.

„დადგა დრო, რომ არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში მმართველობა პირველად იყოს კოალიციური, ურთიერთკონტროლსა და ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული. სწორედ ეს არის განვითარების, კეთილდღეობის და კორუფციის დამარცხების ყველაზე სწორი, უებარი, გამოცდილი საშუალება. დადგა დრო, რომ ერთიანობა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით და გადაწყვეტილებებით დავამტკიცოთ, დავამტკიცოთ კოალიციისა და მრავალპარტიულობისთვის მზადყოფნა.

კოალიციური მთავრობა არის საქართველოს მომავალი. ამის ძალიან მტკიცედ მჯერა. მომავალი, რომელიც ძალიან ახლოს არის. როგორც კი „ქართული ოცნება“ დამარცხდება ოქტომბერში, ჩვენ წავალთ წინ ვადამდელი არჩევნებისთვის, უფრო დიდი კოალიციისკენ. გვაქვს ამბიცია, კოალიციის ძალა გაჩვენოთ აქ, თბილისში და ეს გავხადოთ მოდელი მომავალი საქართველოსთვის. ვაცხადებ, რომ ჩვენი პარტია თბილისში, არსად, არც ერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს.

ჩემი და ჩემი პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვაცხადებ, რომ ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო, უპირობო შემსრულებელია. ჩემი მერობა ნიშნავს, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი და მოკავშირე. დამაზღვევს შეცდომებისგან და მაიძულებს, ვაკეთო უფრო მეტი და უკეთესი. ჩემი მერობა ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ იქნება ჩემი პარტიის წარმომადგენელი. დღეს მე და ელენე გამოვდივართ როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენელი. მე, როგორც მერობის კანდიდატი ჩემი პოლიტიკური მოძრაობიდან, „გირჩი მეტი თავისუფლება“, რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში და ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომრეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან.

ღრმად მწამს, რომ ყველა სწორ და საჭირო წამოწყებაში ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით. დადგა დრო, თბილისმა მოიპოვოს და დაიმკვიდროს ნამდვილი, სრულყოფილი თვითმმართველობა, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საკრებულოს. ღრმად მწამს, რომ ჩვენ ვიქნებით გუნდი, და შემოგვიერთდება ყველა, ვისაც ნამდვილად სჯერა და სწამს, რომ კოალიციური მმართველობა არის ერთადერთი ეფექტური არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ შესაცვლელად, არამედ ჩვენი ქვეყნის და  ქალაქს გასავითარებლად. ვისაც ამის არ სჯერა, წარმატებას ვუსურვებთ საკუთარ ბრძოლაში. ჩვენი ბრძოლა კი არის ერთიანობა. ჩვენ ბრძოლა არის მრავალფეროვნება, ჩვენი ბრძოლა არის ურთიერთმხარდაჭერა, ჩვენი ბრძოლა არის გუნდის ბრძოლა. ღრმად მწამს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ეს ტრადიცია დაიწყება თბილისიდან და მოედება მთელ საქართველოს. დადგა დრო ერთობის, ბრძოლის, და გამარჯვების“, – განაცხადა ნიკა მელიამ.