ნიკა მელია - ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან ჩამომაშორონ, აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა შეხვედრაზე, რომელზეც დავდიოდი
ნიკა მელია - ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან ჩამომაშორონ, აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა შეხვედრაზე, რომელზეც დავდიოდი

ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ, აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, პროკურატურა ეუბნება, რომ გადაადგილების შესახებ უნდა აცნობოს და ასეც მოიქცევა.

„საბჭოთა კავშირი რა არის თუ არა ეს? თუ დამნაშავე ვარ, აქ კი არ უნდა ვიდგე, ციხეში უნდა ვიჯდე. თან მეუბნებიან, რომ არ ხარ დამნაშავე მათივე სტანდარტებითაც, მაგრამ სახლში იჯექი, არ გამოხვიდეო. არ გამოვა ჩემო ბიძინა ასე, არ გამოვა. თქვენ ვეღარ კარნახობთ, თუ როგორი იყოს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში, თქვენ ხართ დიახაც, პოლიტიკური დამნაშავე, როგორც მინიმუმ და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან თქვენ ქართული მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე გახარიასთან ერთად პასუხს აგებთ, მაგრამ თქვენს უსამართლო დაკრულზე არავინ ცეკვას არ აპირებს. იმის ნაცვლად, რომ მოღალატეები დასაჯოთ, იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოთ იმაზე, რაზეც გაფრთხილებდით მთელი ერთი კვირა. ვინ არის დესტაბილიზაციის წყარო ოპოზიცია, რომელიც აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ ეს არ გააკეთო და მაინც გააკეთა, თუ ხელისუფლება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ეს არის ბრძოლა, სადაც იმარჯვებს ძლიერი და ბიძინა ივანიშვილი არ არის დღეს ძლიერი, ის ვერ დაამარცხეს ხალხის ნებას.

როგორც მელიამ განმარტა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს იმ მუხლს, რითაც პოლიტიკური საქმიანობა შეეზღუდა.

„როდესაც ჩაინიშნება სხდომა პარლამენტში, მე აუცილებლად შევატყობინებ პროკურატურას და აუცილებლად გამოვალ სახლიდან, მივალ სხდომაზე დასასწრებად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პროკურატურა განახორციელებს.