ნიკა მელია - არჩევნები არის გაუქმებული, ხვალ ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე, ბრძოლა იქნება უკომპრომისო
ნიკა მელია - არჩევნები არის გაუქმებული, ხვალ ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე, ბრძოლა იქნება უკომპრომისო

ძალიან ბევრია საბრძოლველი ბოლო დღეებში, მაგრამ ახლა მინდა მთავარი გითხრათ, არც მეტი და არც ნაკლები ნურავინ, ნურავის ნუ მოვატყუებთ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, ძალიან დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მოპოვებული გამარჯვებები, ბევრ მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა.

„თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში, ივანიშვილის პირობებში არჩევნები ჩატარდება, ვერანაირად ვერასოდეს მე მის მოსაზრებას, როგორც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ვერ გავიზიარებ, რადგან არ მჯერა. მოპოვებული გამარჯვებები, ბევრ მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილმა, ვითომც არ იყო ეს გამარჯვება მოპოვებული, ისე წაიღო, მოიპარა. რა გზით, რა შესაძლებლობებით, ეს ყველაფერი კარგად დაინახეს. მე ბიძინა ივანიშვილს დავპირდი 14 ოქტომბერს, როდესაც გაიმართა დიდი აქცია თავისუფლების მოედანზე, ყველაფერი იქნება მასზე დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცეოდა ის. ბიძინა ივანიშვილზე იყო დამოკიდებული და მან დღეს გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა. პასუხი იქნება ადეკვატური. არჩევნები არის გაუქმებული, არასოდეს მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია.

უკანასკნელი რამდენიმე საათი განგებ არ ვდგებოდი მედიის წინაშე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს არჩევნები ნამდვილად არის გაუქმებული. ხვალ ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვსდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ვიწროპარტიული ინტერესები აქ აღარ არსებობს, პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს, იმუშავა კოალიციურმა ერთობამ, ხალხს რწმენა გაუღვივდა. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კოალიცია უფრო ფართო გახდეს და ამ კოალიციაში ყველას ადგილი უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების, ჟურნალისტების, ექიმების ინჟინრების, ვინც არის შეწუხებული ფაქტით, რომ არჩევნები ივანიშვილის პირობებში აღარ ჩატარდება. ხვალ ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება, გპირდებით, როგორც ერთი გულანთებული მოქალაქე, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ჩვენ სიტყვებს უბრალოდ არ ვისვრვით. ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მივეცით შანსი, მან ეს შანსი არ გამოიყენა, ჩვენ მთელი ამ საათების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან და მე მათ არ დავულამე ის, რასაც ახლა ვამბობ. მე მათ ვუთხარი, რომ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. არ არსებობს ადამიანი, ქართველი თუ უცხოელი, ვინც არ იზიარებდეს ამ მოსაზრებას. აქ აღარ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების საბრძოლველი, ჩვენი სურვილია, რომ ეს ბრძოლა წარიმართოს ფართო კოალიციური მოძრაობით. მოემზადეთ ძვირფასო თანამებრძოლები, ძალიან საინტერესო, თუმცა მძიმე თავგადასავლისთვის. ბრძოლა იქნება უკომპრომისო და იქნება ბოლომდე გამარჯვებისთვის და ბრძოლა იქნება, ვიდრე ჩვენ ამ ქვეყანაში არ მოვიპოვებთ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.