ნიკა მელია - არ ვთვლი აუცილებლად, პარლამენტში მისვლისას პროკურატურა საქმის კურსში ჩავაყენო
არ ვთვლი აუცილებლად, პარლამენტში მისვლისას პროკურატურა საქმის კურსში ჩავაყენო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნიკა მელიამ განუცხადა, რომელიც ე.წ. ელექტრონულ სამაჯურს ატარებს.
ნიკა მელია აცხადებს, რომ პარლამენტში მისვლის გარდა, სხვა პოლიტიკური აქტივობებიც აქვს დაგეგმილი.
„მე, პარლამენტის წევრი როდესაც პარლამენტის შენობაში უნდა მოვიდე, არანაირად არ ვთვლი აუცილებლად, პროკურატურა საქმის კურსში ჩავაყენო. ისევე, როგორც დღეს მოვიქეცი. მოვედი იქ, სადაც წესით და რიგით ყოველდღე უნდა დავდიოდე. როდესაც საჭიროდ ჩავთვლი, აუცილებლად მოვალ. ვიქნები აქტიური არა მარტო პარლამენტის შენობაში, არამედ საკანონმდებლო ორგანოს მიღმაც ვგეგმავ ბევრ შეხვედრას ამომრჩეველთან თბილისსა და რეგიონებში. ამას მარტივი ენით ჰქვია დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელება. არაფერი ექსტრაორდინალური აქ არ ხდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.