ნიკა მელია - ამ ქვეყანაში ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ცვლილებების მოლოდინშია
ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ცვლილებების მოლოდინშია, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს მივლენ და ხმას მისცემენ ოპოზიციას, ოპოზიციურ სხვადასხვა პარტიას, რადგანაც დაუოკებელი სურვილი არის ამ ქვეყანაში, – ასე უპასუხა არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ელენე ხოშტარიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„შარშანდელ არჩევნებს შეეხეთ თქვენ, დიახაც, შარშანდელი არჩევნებისგან განსხვავებით, ოპოზიციამ ძალიან ბევრი რამ გაითვალისწინა და ერთი მხრივ, სამწუხაროა, მეორე მხრივ, სასიხარულოა, რომ წელს ჩვენ მოვახერხეთ თანამშრომლობა, უკლებლივ ყველა ძირითადმა პარტიამ სხვადასხვა ფორმატში, სხვადასხვა კონსტრუქციით, რაც შარშან ნამდვილად არ იყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ შეკითხვაზე პასუხისას.
მელიას თქმით, შარშან ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ებრძოდნენ.
„ასე გვინდოდა ხელისუფლების დამარცხება, რომელიც არ ითვალისწინებს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამიტომ, ეს თვისებრივად დიდი სხვაობაა. წელს როგორც ჩვენ ვთანამშრომლობთ, თუნდაც დღევანდელი ჩვენი ღონისძიება, ამისი დასტურია. ეჭვი არ მინდა შევიტანო საქართველოს არც ერთ მოქალაქეში, ვინც უბრალოდ, უარს იტყვის 2 ოქტომბერს ცვლილებაზე და რატომ, იცით? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში თუ საერთო სასამართლოები არ იქნება დამოუკიდებელი, მდიდარი სახელმწიფო არ ვიქნებით, ნატო-ს წევრი მდიდარი სახელმწიფო არ ვიქნებით; თუ ქვეყანაში უნდა იყოს პროცესები წარმართული არაფორმალური ადამიანების მიერ, მერწმუნეთ, ამ ქვეყანას და სახელმწიფოს, უბრალოდ, მომავალი რომ არა აქვს, ეს ყველამ იცის; ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას მრავალფეროვნებას, ჩვენ არ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა ჩანაცვლდეს ერთპარტიული რომელიღაც სხვა მმართველობით, არავითარ შემთხვევაში. ჩემი პირადი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ ამ ქვეყნის ხსნა და უებარი ერთ-ერთი გამოსავალი ამ ეტაპზე ნამდვილად მრავალფეროვნება და კოალიციური მმართველობაა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას თქმით, სწორედ კოალიციურ მმართველობაშია მარტივი გამოსავალი.
„ეს ქვეყანა ვერ გადაიქცევა ლუკაშენკოს ბელორუსიად, ბიძინა ივანიშვილს ხომ ზუსტად ეს უნდა; ბიძინა ივანიშვილი ხომ არასოდეს იტყვის, რომ ის მზად არის, ხელისუფლებიდან წავიდეს; ნუ გაგიკვირდებათ, და ნამდვილად არ მიკვირს, ერთი, და არ მშურს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, მათ ადგილზე ნამდვილად არ მინდა ყოფნა; ისინი იძულებული არიან, საკუთარი პარტიის წევრები გაამხნევონ და უთხრან, თითქოს ყველაფერი კარგად არის და მერე რა, რომ 43%-ს ვერ მივაღწევთ; მერე რა, რომ 43%-იან ზღვარს ახლოსაც ვერ მივუახლოვდებით, ახალ საპარლამენტო არჩევნებს არ დავნიშნავთ – ამას იმიტომ საუბრობენ, რომ საკუთარი გუნდის წევრები გაამხნევონ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.