ნიკა მეცხვარიშვილის 21 ქულა ამერიკის კოლეჯების ლიგაში #1TVSPORT
ნიკა მეცხვარიშვილის 21 ქულა ამერიკის კოლეჯების ლიგაში #1TVSPORT

ამერიკის სტუდენტური ლიგის უმაღლეს – I დივიზიონში გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, ნიკა მეცხვარიშვილმა. 203 სანტიმეტრი სიმაღლის ფორვარდი „ლუიზიანა მონროს“ ღირსებას იცავს. მისი გუნდი სტუმრად შეხვდა „სტივენ ოსტინს“ და 82:69 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა 21 ქულა ჩააგდო. საინტერესოა, რომ „ოსტინმა“ ბოლო 34 საშინაო მატჩიდან მხოლოდ მესამედ წააგო. მეცხვარიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, თამაში წაუვიდა და საბოლოო ჯამში, მოედანზე 31 წუთი გაატარა, რითაც მხოლოდ ორ თანაგუნდელს ჩამორჩა. ნიკამ 9-დან 4 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და აქტივში 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც ჰქონდა, პასივში კი – 2 დაკარგვა და ამდენივე პერსონალური ფოლი.

მიმდინარე სეზონში მეცხვარიშვილს უკვე 8 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი საშუალო მონაგარი 7.6 ქულა და 3.3 მოხსნაა. „ლუიზიანა მონრო“ „სან ბელთ კონფერენსში“ ირიცხება და ამ დროისთვის 6 მოგება და 4 მარცხი აქვს (მე-7 ადგილი). მომდევნო მატჩს კი 20 დეკემბრის დილას „გოლდენ იგლსთან“ ჩაატარებს.

დღესვე ითამაშა რატი ანდრონიკაშვილის „კრეიტონმაც“, თუმცა ქართველს წარმატებული მატჩი ნამდვილად არ ჰქონია. მისი გუნდი შინ მოულოდნელად დამარცხდა (57:58) „არიზონა სტეიტთან“, ანდრონიკაშვილმა კი 7 წუთში ერთადერთი სროლის აცილება მოასწრო.