ნიკა კენჭაძის და ელიზბარ ოდიკაძის ბრინჯაოს მედლები ევროპის ჩემპიონატზე [ვიდეო] #1TVSPORT

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა დღეს პირველი მედლები მოიპოვეს.

ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში 79 კგ-ში ნიკა კენჭაძემ სომეხი მეტოქე რამდენიმე წამში ანგარიშით 10:0 დაამარცხა და კონტინენტის პირველობებზე მეორე ბრინჯაოს მედალი აიღო.

ასევე მესამე ადგილის მფლობელი გახდა ელიზბარ ოდიკაძე (97), რომელმაც აზერბაიჯანელი მოჭიდავე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ბექა ლომთაძემ (61) და სანდრო ამინაშვილმა (86) ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავეს. ბექა ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში უკრაინელ ანდრიი ჟელეპთან დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

ამინაშვილმა კი ნახევარფინალური დაპირისპირება კარგად ჩაატარა, ბელარუს სპორტსმენს ალი შაბანაუს სძლია და ხვალ, ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. ხვალვე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან გენო პეტრიაშვილი (125) და ავთო კენჭაძე (74) ჩაერთვებიან.