ნიკა კაჭარავა - საქართველოს ნაკრებში მიწვევა ყოველთვის გამიხარდება #1TVSPORT
ნიკა კაჭარავა, რომელიც იანვარში კორეული „ჯეონამ დრაგონსიდან“ ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა, საქართველოს ნაკრებში დაბრუნებას იმედოვნებს, – ამის შესახებ 28 წლის თავდამსხმელმა საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.
„ძალიან დიდი დრო გამიცდა. ჯერ ტრავმის გამო 10 თვე დავკარგე. მერე მოედანს დავუბრუნდი, მაგრამ თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, მერე კორეაში გადავედი და 6 თვეა, არ მითამაშია. ჩემთვის ამოუხსნელია, „ჯეონამ დრაგონსში“ რა ხდებოდა. რაც იქ დამხვდა, დაპირებისგან აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა აღმოჩნდა. საერთოდ, უცნაური იყო ფეხბურთის მიმართ მათი დამოკიდებულებაც. თითქოს მოვალეობას ასრულებდნენ, მოდიოდნენ არა ვარჯიშზე, არამედ სამსახურში. ფეხბურთი კი ჩვეულებრივი სამსახური არააა. იმაზე მეტი უნდა აკეთო, ვიდრე ინსტრუქციებში წერია.
ვერ ვიტყვი, რომ ახლა ნაკრებისთვის მზად ვარ და მიწვევას ვიმსახურებ. ვისაც მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ, მათ გამოძახებს. სანიოლი კი ნაკრებში ამ ეტაპზე სხვების მიწვევას ამჯობინებს. მაგრამ მე ნაკრებში დაბრუნების იმედს არ ვკარგავ და მიწვევა ყოველთვის გამიხარდება, რადგან ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო.
კორეიდან იანვარში წამოვედი და გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. ახლა „ტორპედოში“ ვცდილობ კონდიციების აღდგენას. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი, ვინც მოინდომებს სანაკრებო კონდიციების დაბრუნებას, საქართველოში თამაშითაც შეძლებს. სანიოლი გუნდში საქართველოს ჩემპიონატიდან ბოლო დროს 5-6 კაცს სულ იწვევს. „ტორპედო“ ძალიან მიწყობს ხელს და მწვრთნელის ნდობას ვგრძნობ. პირველი რაც მითხრა კახა ჩხეტიანმა, შენი იმედი მაქვსო. არადა, ძნელია, უთამაშებლობის და ტრავმის შემდეგ ვინმე გენდოს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ნიკა კაჭარავა.