ნიკა ჯგერენაია - სამწუხაროდ საპატრიარქო ებრძვის „გირჩს“
ნიკა ჯგერენაია - სამწუხაროდ საპატრიარქო ებრძვის „გირჩს“

ოჯახი რამდენიმედ დღის განმავლობაში მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში ეძებდა ვინმე სასულიერო პირს, რომელიც გამოჩნდებოდა და გარდაცვლილს წესს აუგებდა, ნუგეშზე არ ეტყოდა ოჯახს უარს, ასეთი არავინ გამოჩნდა, – ამის შესახებ „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარმა მღვდელმსახურმა ნიკა ჯგერენაიამ განაცხადა.

როგორც ჯგერენაიამ აღნიშნა, მას დაუკავშირდა გარდაცვლილის ახლობელი და დახმარება სთხოვა.

„ჩვენ შევთავაზეთ რაც შეგვეძლო, ეს იყო ის, რომ გავცემდით ცნობას, სადაც ეწერებოდა, რომ ამ ადამიანისათვის მინიჭებული მღვდელმსახურის სტატუსი გაუქმებულია და აღარ ირიცხება ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურად. იმედი გვქონდა, რომ ამ ცნობის შემდეგ არ იქნებოდა საპატრიარქოში მოწინააღმდეგე. იმედი გვქონდა, გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, ვინც უარს არ ეტყოდა ოჯახის, მაგრამ არც ამის შემდეგ გამოჩნდა არავინ. საპატრიარქოსგან ასეთი პოზიცია, რომ მათ არ ადარდებთ, ადამიანის, როგოც კონკრეტული ღირებულების ბედი, რომ ადამიანებზე არ ზრუნავენ, ეს ახალი არ არის და აქამდეც აკეთებდნენ ამას. სამწუხაროა, რომ საპატრიარქო ასეთი მეთოდებით ებრძვის „გირჩს“, – განაცხადა ნიკა ჯგერენაიამ.

სამტრედიაში გარდაცვლილი შაკო ბარამიძე „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის წევრი იყო, რის გამოც, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მისთვის წესის აგებაზე უარი განაცხადეს.

ამასთან, ​ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ განაცხადა, რომ სამტრედიაში გარდაცვლილი შაკო ბარამიძისთვის წესის აგების საკითხს პატრიარქთან განიხილავენ.