ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაშია გადმოყვანილი
ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაშია გადმოყვანილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაშია გადმოყვანილი.

როგორც გვარამიამ რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ ადვოკატს, დიტო საძაგლიშვილს დაუდასტურა.

„რუსთავის ციხიდან დაელაპარაკნენ დიტოს და უთხრეს, აქ არის, გაცნობებთ, რომ გადმოყვანილიაო“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ მივიდა და ციხის ადმინისტრაციისგან პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ითხოვს.

„ჯერ უნდა ვნახო პატიმარი, როგორ მდგომარეობაშია. როცა ის ბოლოს ვნახე, იქ მეჩვენა, რომ იყო ძალიან ცუდად. უნდა ვნახო, რომ პატიმარი ცოცხალია და არ აქვს დაზიანებები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც, მათ შორის ეკა ხერხეულიძე, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.