ნიკა გვარამია - რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას ძალადობა არ განხორციელებულა, ამ ეტაპზე ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა ქართული პენიტენციური სისტემიდან
ნიკა გვარამია - რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას ძალადობა არ განხორციელებულა, ამ ეტაპზე ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა ქართული პენიტენციური სისტემიდან

ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც დაწესებულების დატოვების შემდეგ გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გორის ჰოსპიტალიდან გადაყვანისას სააკაშვილის მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილი საკმაოდ სუსტად გამოიყურება.

„ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. სააკაშვილი ძალიან დაუძლურებული იყო, მას მიაკითხა ბევრმა ადამიანმა, მიაკითხეს ეტლით, ჩასვეს ეტლში. მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი, იყო გაბრუებული, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა. როგორც მითხრა, მიხვდა, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა, უარესი დამართნოდა, რის გამოც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა, რომ „სააკაშვილი ქართული პენიტენციური სისტემიდან გაიყვანონ“.

„ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს სააკაშვილის ამ პენიტენციური სისტემიდან გაყვანით. ამ ეტაპზე ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა ამ დაწესებულებიდან, საერთოდ ქართული პენიტენციური სისტემიდან, იქნება საავადმყოფოს ფორმის პენიტენციური სისტემა თუ რეალური პენიტენციური დაწესებულება. გაყვანა აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.