ნიკა გვარამია - ქვეყნის ისტორიაში იყო მთავარი პროცესი, სადაც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე, ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის და არც ერთი წამით არ აკნინებს სააკაშვილს
ნიკა გვარამია - ქვეყნის ისტორიაში იყო მთავარი პროცესი, სადაც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე, ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის და არც ერთი წამით არ აკნინებს სააკაშვილს

ეს იყო საქართველოს ისტორიაში მთავარი პროცესი, სადაც ამ ქვეყნის, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.

ნიკა გვარამიას თქმით, ის, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგა, არის სირცხვილი ქვეყნისთვის და აღნიშნა, რომ ეს არ აკნინებს მას.

„ეს იყო საქართველოს ისტორიაში მთავარი პროცესი, სადაც ამ ქვეყნის, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე. ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ აკნინებს მიხეილ სააკაშვილს არც ერთი წამით. რაც შეეხება პროკურატურას, მის წარმომადგენლებს, არც ვილაპარაკებ ამასთან დაკავშირებით ახლა, როდესაც ვლაპარაკობთ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, კითხვაზე, ელოდებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს სასამართლო პროცესზე, გვარამიამ განაცხადა:

„ველოდებოდი. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი სიტყვა იყო, ეს ნაწილი განსაკუთრებით“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბევრი ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც ძალიან მწარედ ნანობს.

„საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამონაწილეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. მინდა, ყველა ქართველმა ეს იცოდეს. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება, ყოფილიყო დამნაშავე, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ, ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ, როდესაც ბანდიტების ხელშია ახლა საქართველო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.