ნიკა გვარამია - კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი არიან პასუხისმგებლები ამგვარი წინასაარჩევნო გარემოს გატარებისა და შედეგებისთვის, ამიტომ იბრძვიან ახლა, რომ რამე გამოვიდეს
ნიკა გვარამია - კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი არიან პასუხისმგებლები ამგვარი წინასაარჩევნო გარემოს გატარებისა და შედეგებისთვის, ამიტომ იბრძვიან ახლა, რომ რამე გამოვიდეს

კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი არიან პასუხისმგებლები ამგვარი წინასაარჩევნო გარემოს გატარებისა და შედეგებისთვის, ამიტომ იბრძვიან ახლა, რომ რამე გამოვიდეს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანმა, ნიკა გვარამიამ ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ელჩების როლზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როცა ელჩების აზრით, ერთადერთი გამოსავალი არის პარლამენტში შესვლა, ამას პოზიციონირება ჰქვია.

„ჩვენ უფლება გვაქვს გავარჩიოთ მათი პოზიციონირება, რომელიც არსებობს. ეს არ არის მთლად მიუკერძოებელი და ნეიტრალური ამბავი. პოზიციონირებას აქვს ადგილი. როცა ელჩების აზრით, ერთადერთი გამოსავალი არის შესვლა, ამას პოზიციონირება ჰქვია.

ამ ქვეყანაში არსებობდა ობამასდროინდელი ელჩი იან კელი, რომელთანაც კვირაში ერთხელ მაინც ვიყავი, რადგან მეტი ინსტიტუცია არ იყო მისასვლელი, მაშინ ნინო ლომჯარია არ იყო სახალხო დამცველი, მერე მასთანაც ვიყავი. ამის მერე ჩვენ გვქონდა ორწლიანი თუ სამწლიანი ჩავარდნა. აშშ-ის ყანის ბოლო, სოფლის ბოლო ოლიგარქმა დაუბლოკა ელჩი. აშშ-ის ადმინისტრაციამ ეს გადაყლაპა. ელჩი ამ ქვეყანაში არ იყო ორი წელი და პირადად მე და ჩემი ტელევიზიაც, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც გინდა, გავეჯიბრებით დევნაში. არსად მისასვლელი არ მქონდა; მერე კარლი ჩამოვიდა და მასთან მივდიოდი. რომ ჩამოვიდა ქალბატონი დეგნანი, მას მერე ვითხოვ მასთან შეხვედრას. არც ერთ ოპოზიციურ მედიას ქალბატონი დეგნანი არ შეხვედრია და არც ერთი პირადი შეხვედრა არ ჩაუნიშნავს. კვირაში ერთხელ ვიყავი ბატონ კელისთან, რადგან ვიყავი ადამიანი, ვისაც დევნიდნენ. რომ არა კელის განცხადება, „რუსთავი 2“ არ იარსებებდა. წავიდა იან კელი და სრული სიჩუმე უელჩო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ ევროსასამართლოს მხრიდან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მხრიდან, „რუსთავი 2“-ის წაღება,  სრული სიჩუმე იყო ამ ფონზე, მთავარი ოპოზიციური არხის შექმნა – სრული სიჩუმე, ჩამოვიდა ქალბატონი დეგნანი – სრული სიჩუმე.

ამის შემდეგ ჩვენ ვაკვირდებით ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივ წინასაარჩევნო კამპანიას საქართველოს ისტორიაში, მანქანების დახვრეტები, ხალხის ფეხებში სროლა – სრული სიჩუმე ორივე საელჩოსგან. ამის შემდეგ ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რატომაა გასაკვირი. ზუსტად ქალბატონი დეგნანი და ბატონი ჰარცელი არიან პასუხისმგებლები ამგვარი წინასაარჩევნო გარემოს გატარებისა და მათ შორის, შედეგებისთვის. იმიტომ იბრძვიან ახლა, რომ რამე გამოვიდეს, რადგან მათ შორის მათი უმოქმედობა არის ამ ყველაფრის წინაპირობა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.