ნიკა გაგნიძე - შანსი გვაქვს, კონფერენსლიგის მატჩებს ტიტულით შევხვდეთ #1TVSPORT
ნიკა გაგნიძე - შანსი გვაქვს, კონფერენსლიგის მატჩებს ტიტულით შევხვდეთ #1TVSPORT

ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე მყოფმა გორის „დილას“ კაპიტანმა, ნიკა გაგნიძემ მოახლოებული სუპერთასის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელსაც გუნდი „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ 30 ივნისს ჩაატარებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. შანსი გვაქვს, კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს კარგ ხასიათზე, ტიტულით შევხვდეთ. თბილისის „დინამოს“ კარგი გუნდი ჰყავს და რთულ თამაშს ველოდები, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს“, – ამბობს ნიკა გაგნიძე.

ცნობილი გახდა, რომელი სტადიონები უმასპინძლებენ 30 ივნისს საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩებს.

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი ითამაშებს – მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები – ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“.

30 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალში „დინამო თბილისი“ გორის „დილას“ „მიხეილ მესხზე“ შეხვდება, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ სამტრედიის „ეროსი მანჯგალაძეზე“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. სუპერთასის ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს გაიმართება.

ნახევარფინალური მატჩების განრიგი:

20:00 | თბილისი, „მიხეილ მესხი“

„დინამო თბილისი“ – „დილა“

17:00 | სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

„ტორპედო“ – „დინამო“ (ბათუმი)