ნიკა ჩიტიძე - ჟენევის ფორმატის რეფორმირებაზე საუბრით რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისგან გამიჯვნას და პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს
ნიკა ჩიტიძე - ჟენევის ფორმატის რეფორმირებაზე საუბრით რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისგან გამიჯვნას და პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს

ჟენევის ფორმატის რეფორმირებაზე საუბრით რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისგან გამიჯვნას და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს, – ეს განცხადება პირველ არხთან პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

ჩიტიძის განმარტებით, ფორმატის ცვლილება რეალობას არ შეცვლის, რადგან მთავარი პრობლემა საქართველოსა და რუსეთის პოზიციათა განსხვავებაშია.

„რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოსა და 10 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებებს არ ასრულებს. ამ საერთაშორისო ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. აქედან გამომდინარე, ოფიციალური მოსკოვი ცდილობს, პასუხისმგებლობა სხვადასხვა გზით აიცილოს. თუმცა, ფორმატის შეცვლა რეალობას არ შეცვლის, რადგან პრობლემა პოზიციათა განსხვავებაშია. რუსეთი მოითხოვს, საქართველომ თავდაუსხმებლობის ხელშეკრულებას ხელი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოაწეროს, ხოლო საქართველოს პოზიციაა, რომ შეთანხმების გაფორმება მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორისაა შესაძლებელი, რადგან რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა. მთავარი არა ჟენევის ფორმატის რეფორმირება, არამედ რუსეთისა და საქართველოს შორის პოზიციათა დაახლოებაა, რაც რუსეთის არაკონსტრუქციულობის გამო ვერ ხერხდება“, – განაცხადა ჩიტიძემ

ნიკა ჩიტიძის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის უშედეგოდ დასრულების მიუხედავად, ჟენევის ფორმატი უალტერნატივოა.

„ჟენევის ფორმატის დადებითი მხარე ის არის, რომ საქართველო რუსეთის წინაშე მარტო არ არის. ამ შეხვედრებს გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები ესწრებიან. საქართველო თავის მტკიცე პოზიციას აფიქსირებს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კონფლიქტის მონაწილე მხარეებად არ ცნობს, რადგან კონფლიქტი რეალურად რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს“, – აღნიშნავს ჩიტიძე.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი ჟენევაში 27-28 მარტს მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ტექსტის შემუშავების გარდა, დისკუსიების მთავარი თემა იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი.

ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების ფორმატის ცვლილება არ გამორიცხა.