ნიკა ჩიტაძე - ტრამპი ან რეალურად ვერ აღიქვამს ვითარებას, ან თამაშობს და სურს, აიმაღლოს საკუთარი საერთაშორისო პრესტიჟი, რომ გვევლინება რაღაც სამშვიდობო ინიციატივის ავტორად
ნიკა ჩიტაძე - ტრამპი ან რეალურად ვერ აღიქვამს ვითარებას, ან თამაშობს და სურს, აიმაღლოს საკუთარი საერთაშორისო პრესტიჟი, რომ გვევლინება რაღაც სამშვიდობო ინიციატივის ავტორად

ტრამპს არ გააჩნია რაღაც რეალისტური გეგმა, ის საუბრობს ზოგადად, რომ სურს, მოხდეს სამშვიდობო თუ საზავო შეთანხმების გაფორმება, მაგრამ კონკრეტულად რაზეა საუბარი და რას სთავაზობს აშშ ან რუსეთს, ან უკრაინას, ან საერთაშორისო საზოგადოებას მთლიანად? – განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, უკრაინა არ წავა დათმობაზე და არცერთ საკუთარ ტერიტორიას არ დათმობს. რა თქმა უნდა, უკრაინა არ დათმობს არც ყირიმს, არც დონეცკის ე.წ. რესპუბლიკას და არც ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკას, მეორე მხრივ კი. რუსეთი, რომლის ეკონომიკა მთლიანად სამხედრო ყაიდაზეა გადასული და მისი ბიუჯეტის მეოთხედი სწორედ აგრესიული სამხედრო მიზნებისთვის გამოიყოფა, არ დათანხმდება იმას, რომ გაიყვანოს ჯარები ლუგანსკის ან დონეცკის ოლქებიდან და, მით უმეტეს, ყირიმიდან. დღეს ასეთი ვითარებაა და ტრამპი ან რეალურად ვერ აღიქვამს ვითარებას, ან თამაშობს და სურს, აიმაღლოს საკუთარი საერთაშორისო პრესტიჟი, რომ ის გვევლინება ამ შემთხვევაში რაღაც სამშვიდობო ინიციატივის ავტორად“, – განაცხადა ჩიტაძემ.

როგორც ჩიტაძემ აღნიშნა, ტრამპი აშანტაჟებს კანადას, მექსიკასა და პანამას, ითხოვს მაქსიმუმს, რომ მიიღოს მინიმუმი და იგივე უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს, მაგრამ, საერთო ჯამში, მისი აზრით, პუტინთან მოლაპარაკება არის შეცდომა, რადგან ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ის აგრესორს აღიარებს მოლაპარაკების მხარედ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, USAID-თან და NED-თან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციის პოზიციიდან გამომდინარე, როგორი იქნება დაფინანსების შეწყვეტის ეფექტი საქართველოზე, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ ეს ეფექტი ძალიან ნეგატიური იქნება, ვინაიდან მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, აშშ-მა 30 წლის განმავლობაში დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია ქვეყანას და, მათ შორის, განსაკუთრებით აქტიურ როლს თამაშობდა USAID-ი, რომელმაც უამრავი პროექტი განახორციელა ეკონომიკური, სამართლებრივი, პოლიტიკური, გარემოს დაცვითი, თუ საგანმანათლებლო მიმართულებით.

„რაც შეეხება NED-ს, ვიცით მასკის შეხედულება ამ ორგანიზაციაზე, დემოკრატიის ხელშემწყობ ეროვნულ ფონდზე, რომელიც მან ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ NED-ი თავის დროზე დაარსებული იქნა რონალდ რეიგანის ინიციატივის შედეგად 1983 წელს და ახლა, მე მგონი, რონალდ რეიგანს გაცილებით უფრო ესმოდა პოლიტიკა. ამ შემთხვევაში ბიზნესი, კი ბატონო, თუ შევაფასებთ იმ ფაქტს, რომ ილონ მასკის ქონება 400 მილიარდ დოლარს აღემატება. ახლა ცოტა შემცირდა, სულ რაღაც 10 მილიარდამდე დაკარგა, „ტესლას“ აქციები დაეცა საერთაშორისო ბირჟაზე, მაგრამ 400 მილიარდი აქვს და კარგი ბიზნესმენია, კი ბატონო, თუმცა რაც შეეხება, მაგალითად, თუნდაც შოლცთან დაკავშირებით განცხადებებს, ან იმავე NED-თან თუ USAID-თან დაკავშირებით, ტრამპის მხრიდანაც აბსოლუტური შეცდომაა“, – განაცხადა ჩიტაძემ.

მაკა ცინცაძემ გადაცემის სტუმარს ჰკითხა, მაშინ რას უკავშირდება პრეზიდენტ ტრამპის, ილონ მასკის განცხადებები, რომ ეს ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყანაში არეულობას უწყობდნენ ხელს, თუ, მით უმეტეს, გავითვალისწინებთ მარკო რუბიოს განცხადებას ელჩებთან დაკავშირებით, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ პროექტები შეჩერებულია 90 დღით, თუმცა იქ ამერიკის უზენაესი სასამართლო ჩაერია და აღნიშნული მიმართულებით ტრამპის გარკვეული ბრძანებები შეაჩერა, ხოლო რუბიომ შემდგომში განაცხადა, რომ მაინც გადახედავენ საკითხს.