ნიკა ჩიტაძე – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არის მკვეთრად გაუარესებული, ეს, პირველ რიგში, არის საქართველოში ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგი

23:28, 13.10.2026

დღეს საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები გახლავთ მკვეთრად გაუარესებული და ეს პირველ რიგში არის საქართველოში ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ნიკა ჩიტაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ ხედავს მოცემულობას, როგორც დროებით გამოსწორებად პროცესს და მოვლენას თუ როგორც სტრატეგიული მიზნების ერთმანეთისგან რადიკალურად დაშორებას.

„მას შემდეგ, რაც ე.წ. რუსული კანონი ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება აპირებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და აცხადებს, რომ აკრძალავს, ამ დროს აღნიშნული გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია, დიახ, სტრატეგიული მიზნების რადიკალურად დაშორებასთან გვაქვს საქმე. ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებით, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცებით, ადამიანთა ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ძალაში რჩება საქართველოს კონსტიტუციაში არსებული 78-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ევროპულ გზას, ქართულ გზას. ევროკავშირი გახლავთ, რა თქმა უნდა, ის მძლავრი ორგანიზაცია, ეკონომიკური, თუ გნებავთ იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, რომელმაც მას შემდეგ, რაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჩვენს ქვეყანას ოთხი მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება აღმოუჩინა“, – განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირი ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, მაგრამ ეს ასე არ არის.

„არა, ევროკავშირი არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, უბრალოდ, აცხადებს, რომ თუ თქვენ ხართ კანდიდატი ქვეყანა და გსურთ ევროკავშირის წევრობა, აქედან გამომდინარე, არსებობს კონკრეტული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც განიხილება ამა თუ ქვეყნის ევროკავშირში მიღება-არმიღების საკითხი კონსენსუსის საფუძველზე. გარდა ამისა, კიდევ ერთი საკითხი, როდესაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობენ, შეშფოთებას უნდა იწვევდეს რუსეთის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ქართული სახელმწიფოს მიმართ, რომ საქართველომ გააფორმოს ე.წ. თავდაუსხმელობის შეთანხმება აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან; ასევე გაატაროს პოლიტიკა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოებთან, ესე იგი, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, ითვლება, რომ საქართველოს ხელისუფლება შედარებით ლოიალურ პოლიტიკას ატარებს რუსეთის ფედერაციის მიმართ.

„სავაჭრო ბრუნვა 2010 წლიდან ვიდრე დღემდე, მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის დაახლოებით 10-ჯერ არის გაზრდილი და ამ ფონზეც კი, როდესაც, ერთი მხრივ, იგივე ამხანაგი ლავროვი, თუ ამხანაგი პუტინი თავისთავად, კომპლიმენტებს არ იშურებდნენ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, ამავე დროს რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართული ღვინის პროდუქციის ნაწილზე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ექსპორტზე გატანილი ქართული ღვინის პროდუქციის 60%-ზე მეტის რეალიზება სწორედ რუსეთის ბაზარზე ხორციელდება და რუსეთი ახორციელებს ეკონომიკურ ზეწოლას“, – განაცხადა ჩიტაძემ.

მსგავსი