ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკისა და უელსის მატჩს იმსაჯებს #1TVSPORT
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკისა და უელსის მატჩს იმსაჯებს #1TVSPORT

ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი, 2 ივლისს პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკისა და უელსის მატჩს იმსაჯებს.

ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიო რაგბის ისტორიაში, როდესაც ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელი ტიერ1-ის გუნდების სრულფასოვან ტესტს იმსაჯებს. ამაშუკელი ზაფხულის ტესტებზე სამხრეთ აფრიკაში დარჩება და 16 ივლისს, კეიპტაუნში, „ბოკესა“ და უელსის მესამე მატჩში გვერდითი მსაჯი იქნება.

„არანორმალურ რეჟიმში ვარ. ზედიზედ სამი კვირაა საფრანგეთში დავდივარ, ახლა კი ორი კვირით სამხრეთ აფრიკაში მივდივარ. მთელი თვე უმაღლესი დონის თამაშებს ვმსაჯობ, რაც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა შრომა მიფასდება და რადგან ყოველი თამაშის შემდეგ უმაღლეს შეფასებებს ვიღებ, ლოგიკურად უფრო მაღალი დონის დანიშვნები მოდის. ერთადერთი გული იმაზე მწყდება, რომ საერთაშორისო ვალდებულებების ფონზე დიდ 10-ს ვაკლდები“, – ამბობს ამაშუკელი, რომელსაც წინ ახალი გამოცდილება ელის.

ზაფხულის ტესტ-მატჩებამდე, ის სამხრეთ აფრიკაში ორი კვირით ჩავა და გაერთიანებულ რაგბი ჩემპიონატში 23 აპრილს ადგილობრივი „შარქსისა“ და ირლანდიური „ლენსთერის“, 29 აპრილს კი „ბულსისა“ და შოტლანდიური „გლაზგო ვორიორზის“ თამაშს იმსაჯებს. ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი ზაფხულში, სამხრეთ აფრიკისა და უელსის ტესტ-მატჩზე დანიშვნაა.

„ეს არის ტიერ 1-ის ქვეყნების სრულფასოვანი ტესტი, რომელსაც მე ვიმსაჯებ და ყველამ იცის, რომ ეს თამაში ყოველმხრივ გამორჩეულია რაგბის სამყაროში. არც კი ვიცი მეტი რა შეიძლება რაგბზე შეყვარებულმა კაცმა ინატროს. ახლა ჩემს კარიერაში, ცხოვრებაში გარდამტეხი, განსაკუთრებული პერიოდია და მას მოუმზადებელი ვერ დახვდები. წნეხი კოლოსალურად დიდია, წარმოუდგენელი სირთულეების გადალახვა მიწევს და უწინარესად, ფსიქოლოგიურად უნდა ვიყო კარგად და მერე სხვა დანარჩენ კომპონენტებში. რაგბისთვის ფაქტობრივად ცხოვრება მაქვს გადადებული, რათა ჩემს საქმიანობაში არანაირი ხარვეზი არ იყოს და ბედნიერი ვარ, რომ ეს შრომა და თავგანწირვა ასეთი დონის თამაშებზე დანიშვნით მიფასდება“.

 

Rugby.ge