ნიკა ამაშუკელი ოთხი ერის ორ მატჩზე იმსაჯებს #1TVSPORT 
ნიკა ამაშუკელი ოთხი ერის ორ მატჩზე იმსაჯებს #1TVSPORT 

საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი 2022 წლის ოთხი ერის ორ თამაშზე იმსაჯებს.

სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრეს ტურნირზე მისი დებიუტი 27 აგვისტოს, ახალი ზელანდიისა და არგენტინის მატჩზე შედგება. ქრაისთჩერჩში ნიკა მთავარი მსაჯი იქნება. ამაშუკელი ზელანდიაში დარჩება და 3 სექტემბერს „ოლ ბლექსისა“ და „პუმების“ მეორე მატჩში, ჰემილტონში, უკვე გვერდით მსაჯად იმუშავებს.

ზაფხულის სერიებზე, 2 და 16 ივლისს ქართველმა რეფერიმ სამხრეთ აფრიკაში „ბოკესა“ და უელსის ორი თამაში იმსაჯა – პირველი მთავარი და მეორე გვერდითი მსაჯის რანგში.

„ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი 3 კვირა იყო. რაგბის მხრივ სამხრეთ აფრიკა მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა. ორი სარაგბო ერის – სამხრეთ აფრიკისა და უელსის დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული იყო, არის და იქნება. ორივე ქვეყანას რაგბის მიმართ დიდი ვნება აქვს, გულშემატკივრები რაგბით ცხოვრობენ. ჩემთვის დიდი პატივია ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა“.

„რაც შეეხება სერიებს, მძიმე თამაშები გამოდგა. კოვიდ-პანდემიის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში მოედანი პირველად იყო გადაჭედილი. ტრიბუნებზე 53 ათასი მაყურებელი იჯდა და ხმაურიანი, ემოციური საღამო გამოვიდა. წინდაწინ ვიცოდი, რომ მოთამაშეებს მოედანზე ბევრი რამის გარკვევა მოუნდებოდათ და დაძაბულობაც ბოლო წუთამდე შენარჩუნდა“, – იხსენებს ამაშუკელი 2 ივლისის თამაშს, რომელშიც სამხრეთ აფრიკამ გაწითლებულ დროზე გატანილი ჯარიმით 32:29 იმარჯვა.

ოთხ ერში ქართველი რეფერის დებიუტი შედგება და გახდება ტიერ2-ის სარაგბო ქვეყნის პირველი მსაჯი, რომელიც ამ ტურნირზე იმსაჯებს.

„მოედნის მიღმა საკმაოდ შრომატევად და რთულ პროცესებს გავდივართ, რასაც მოსდევს ასეთი დანიშვნები. მადლობა ყველას, ვინც ამ რთულ პროცესში მხარდაჭერას და ნდობას მიცხადებს. მოუთმენლად ველი ახალ ზელანდიაში ჩასვლას და თამაშის დაწყებას. იქ ნამდვილი სარაგბო ატმოსფერო და ახალი გამოცდილება მელოდება. ზელანდიას დამატებითი წარდგენა არ ჭირდება. ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია არგენტინა. ვეცდები დავამტკიცო, რომ ქართველებსაც კარგად გვესმის ეს თამაში და შეგვიძლია გავუძღვეთ მაღალი დონის შეხვედრებს. ვეცდები სამხრეთ აფრიკაში მიღებული გამოცდილება სრულად გადავიტანო მოედანზე და თუ აქაც მომიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, აუცილებლად ვიმოქმედებ მსოფლიო რაგბის დირექტივების მიხედვით“.

Rugby.ge