ნიჟნი-ნოვგოროდში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა
რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდში, ტროტილის საამქროში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. როგორც ცნობილია, დაშავებულებიდან 38 პირი საამქროს თანამშრომელია, 41 კი ადგილობრივი მცხოვრები. ამ დროისთვის დაღუპულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება.
აფეთქებების გამო, ინციდენტის ადგილთან ახლოს, სამ დასახლებაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღება გახდა საჭირო. რეგიონის ხელისუფლების განმარტებით, ამ ხერხით აფეთქების შედეგად გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო რესურსების და ძალების ოპერატიულად გამოყენება მოხერხდება.
ნიჟნი-ნოვგოროდში ორი ძლიერი აფეთქება კომპანია „გოსნი კრისტალის“ ტერიტორიაზე, ტროტილის საამქროში მოხდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებულია.