ნიდერლანდებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ფარანჯის ტარება აიკრძალა
ნიდერლანდებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ფარანჯის ტარება აიკრძალა

ნიდერლანდებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ფარანჯის ტარება აიკრძალა.

შესაბამისი კანონი ძალაში პირველი აგვისტოდან შევიდა. ახალი კანონის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის სკოლებში, საავადმყოფოებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისეთი სამოსის ტარება იკრძალება, რომელიც სახეს ბოლომდე ფარავს. კანონის შესაბამისად, აკრძალვაში მოხვდა ტრადიციული ისლამური სამოსები – ფარანჯა და ნიქაბი.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპეტენტურ ორგანოებს და მუნიციპალურ მთავრობებს კანონის მოქმედების უზრუნველყოფა დაავალა. სამართალდამცველებმა კანონის დარღვევის შემთხვევაში პირველ ეტაპზე ქალებს ფარანჯის მოხსნა უნდა მოსთხოვონ. თუ კონკრეტული პიროვნება პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევს, მას ჯარიმის სახით 150 ევროს გადახდა მოუწევს.

როგორც დასავლური მედია იუწყება, ჯერ კიდევ უცნობია, დაიცავენ თუ არა მრავალწლიანი დავის შემდეგ მიღებულ კანონს, რადგან ნიდერლანდებში დაწესებულებათა ნაწილმა განაცხადა, რომ ქალებისთვის რელიგიური სამოსის ტარების აკრძალვას არ აპირებენ.

ნიდერლანდების ტერიტორიაზე ამჟამად 400 მუსლიმი ქალი ცხოვრობს, რომლებიც ფარანჯას ან ნიქაბს ატარებენ, ანუ ისეთ სამოსს, რომელიც სახეს ბოლომდე ფარავს.