ნიდერლანდებში პროფესიული ფეხბურთი 1 სექტემბრამდე აიკრძალა
ნიდერლანდებში პროფესიული ფეხბურთი 1 სექტემბრამდე აიკრძალა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ მიიღო გადაწყვეტილება – აიკრძალოს ქვეყანაში პროფესიული საფეხბურთო ტურნირების ჩატარება 1 სექტემბრამდე, – წერს საფეხბურთო გამოცემა Football Oranje.

წყაროს ცნობით, მატჩების გამართვა მაყურებლების გარეშეც აკრძალული იქნება. ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირი აპირებს ვადაზე ადრე დაასრულოს ქვეყნის ჩემპიონატი. ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით უეფას უახლოეს დღეებში მიმართავს.

თავის მხრივ, 21 აპრილს, უეფამ რეკომენდაცია მისცა ლიგებს – დაასრულონ მიმდინარე სეზონი.

ერედივიზიონში 25 ტურის შემდეგ „აიაქსი“ 56 ქულით ლიდერობს. ამდენივე ქულა აქვს „ალკმაარს“, რომელიც ​ამსტერდამულ კლუბს ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება. სამეულშია „ფეიენოორდი“ 50 ქულით.

ამ მომენტისთვის, ნიდერლანდებში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 34 ათასი შემთხვევა. 3.9 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.