ნიდერლანდების პრემიერი – აბსურდულად მიმაჩნია აშშ-ში ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ჩვენება, ევროპაში მოქმედმა პლატფორმებმა არ უნდა დაუშვან ამ კადრების გავრცელება

18:30, 09.10.2026

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რობ იეტენი გამოეხმაურა პიტ ჰეგსეტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხედრო ფსიქიატრის, ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პროცესი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

იეტენმა აშშ-ის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და მას „აბსურდული“ უწოდა.

„პირადად მე ნამდვილად აბსურდულად მიმაჩნია სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ჩვენება. ამ საკითხზე ამერიკულ მხარესთან უშუალოდ არ მისაუბრია. ვვარაუდობ, რომ მათთან კომუნიკაცია თუ შედგება, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე, ჩვენ აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს უკმაყოფილებას“, – განაცხადა იეტენმა ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რობ იეტენის განცხადებით, ევროპაში მოქმედმა სოციალურმა ქსელებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრები კონტინენტზე არ გავრცელდეს.

„ევროპაში მოქმედი სოციალური მედიის პლატფორმების პასუხისმგებლობაა, არ დაუშვან ამ კადრების გავრცელება და ტრანსლირება, თუმცა, ვშიშობ, ამის სრულად თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება“, – აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, თუ სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეო ევროპულ სოციალურ ქსელებში მაინც გავრცელდება, შესაბამის უწყებებში საჩივრების დიდი რაოდენობა შევა.

ევროპული კანონმდებლობა სოციალური მედიის პლატფორმებს ძალადობრივი შინაარსის მასალის მოდერაციას ავალდებულებს.

ცნობისთვის, ყოფილი სამხედრო ფსიქიატრი ნიდალ ჰასანი 1945 წლის შემდეგ პირველი ადამიანი იქნება, რომელსაც აშშ-ის სამხედროები დახვრეტით დასჯიან. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯა 3 დეკემბერს ფორტ ჰუდში მოხდება. მისივე თქმით, განაჩენის აღსრულება 13:00 საათზე, იმავე დღესა და დროს არის დაგეგმილი, როდესაც ჰასანმა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმა განახორციელა. პროცესი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

მსგავსი