ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კომენდანტის საათის საწინააღმდეგო აქციებს კრიმინალური ძალადობა უწოდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კომენდანტის საათის საწინააღმდეგო აქციებს კრიმინალური ძალადობა უწოდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კომენდანტის საათის საწინააღმდეგო აქციებს „კრიმინალური ძალადობა“ უწოდა. მარკ რუტე „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად გასულ მოქალაქეებს სისხლის სამაართლებრივი პასუხისმგებლობით დაემუქრა. მარკ რუტეს თქმით, აქციები რიგ შემთხვევაში პოლიციასთან შეტაკებასა და მაღაზიების დარბევაში გადაიზარდა, რაც „კრიმინალური ძალადობაა“.

„ამას არაფერი აქვს საერთო თავისუფლებისთვის ბრძოლასთან – ეს კრიმინალური ძალადობაა და ჩვენი რეაქციაც შესაბამისი იქნება“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, პოლიცია ადეკვატურად იქცეოდა და საპროტესტო აქციები არ იმოქმედებს კარანტინზე, რომელიც ძალაში დარჩება.

„კომენდანტის საათი აუცილებელია. ჩვენს თავისუფლებას ვირუსი ზღუდავს“, – განაცხადა რუტემ.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით ჰოლანდიის 10 ქალაქში, მათ შორის ამსტერდამში ღამის საათებში დაწესებული კომენდანტის საათი გააპროტესტეს. აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მხოლოდ ამსტერდამში დააკავეს 200 დემონსტრანტი. ჰოლანდიაში კომენდანტის საათი „კოვიდ-19“-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 23 იანვარს შემოიღეს.