ნიდერლანდების პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისა და ისრაელის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესების საკითხს
ნიდერლანდების პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისა და ისრაელის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესების საკითხს

ნიდერლანდების პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისა და ისრაელის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესების საკითხს, მათ შორის, ისრაელისთვის იარაღის რეალიზაციაზე აკრძალვის დაწესებას.

ამასთან, დეპუტატებმა ხმა მისცეს ისრაელის სახელმწიფოსადმი მოწოდებას, ღაზის სექტორში საერთაშორისო ჟურნალისტები დაუშვას.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა საგარეო საქმეთა მინისტრის, კასპარ ველდკამპის მოულოდნელი გადადგომის ფონზე გაიმართა, რომელმაც პოსტი პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც მთავრობამ უარი თქვა, უფრო მკაცრი სანქციები დაეწესებინა ისრაელისთვის ღაზის სექტორში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო. თანამდებობები დატოვეს მისმა კოლეგებმაც ცენტრისტული „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმების“ პარტიიდან, რამაც ისედაც დასუსტებულ მთავრობაზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა.

ნიდერლანდების კოალიციური მთავრობა ივნისში დაიშალა, როდესაც ულტრამემარჯვენე „თავისუფლების“ პარტიამ ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკის გამო კოალიცია დატოვა.