ნიდერლანდები ევრო 2020-ზე - ყველაზე ამოუცნობი გუნდი წარუმატებელი მწვრთნელით #1TVSPORT
ნიდერლანდები ევრო 2020-ზე - ყველაზე ამოუცნობი გუნდი წარუმატებელი მწვრთნელით #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრები ყველაზე დიდ გამოცანად რჩება ევრო 2020-ის მონაწილეებს შორის. მთავარ მწვრთნელს ფრანკ დე ბურს ვერ დაეხმარება ვირჯილ ვან დეიკი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსის გავლა ამჯობინა. მიუხედავად ამისა, ნიდერლანდელებს კარგად გამოსვლის შანსი აქვთ – მათ ჰყავთ დეპაი, დე ლიგტი, დე იონგი, ვეინალდუმი და… ახალგაზრდა რაიან გრავენბერხი. თუმცა, რთულია ამ გუნდის ფავორიტებს შორის შეყვანა.

 

გზა ევრომდე

ნიდერლანდელებმა დამაჯერებლად გაიარეს შესარჩევი ტურნირი და მეორე ადგილიდან გავიდნენ ევროზე. გუნდმა მხოლო ორჯერ დაკარგა ქულები – შინ წააგო გერმანიასთან და ფრე ითამაშა ჩრდილოეთ ირლანდიასთან. გერმანელებთან  ამსტერდამში მარცხისთვის ჰამბურგში რევანშის აღება მოხერხდა, ბრიტანელებთან ნულოვანი ფრის გამო კი დიდად არავინ ნაღვლობდა – ერთმა ქულამ გაუნაღდა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა. სხვა მხრივ, „ნარინჯისფერები“ დამაჯერებლები იყვნენ; რვა მატჩში 24 ქულა დააგროვეს და შვიდი გაუშვეს.

მაგრამ ნიდერლანდელ გულშემატკივრებს მაინც უნდა ჰქონდეთ შეშფოთების საბაბი: ევრო 2020-ის მთელი შესარჩევი გუნდთან რონალდ კუმანი მუშაობდა და ფრანკ დე ბური კვალიფიკაციის დასრულებიდან ერთი წლის თავზე დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით ნიდერლანდები ვერ აჩვენებენ ისეთ ფეხბურთს, როგორც ეს კუმანის დროს იყო. არც ერთა ლიგაზე და არც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ნიდერლანდები პირველ ადგილზე არ ყოფილა, კონკურენტუნარიანი ნაკრებებიდან კი დე ბურმა მხოლოდ პოლონეთს მოუგო, თანაც იმის წყალობით, რომ რობეტ ლევანდოვსკიმ ერთი ტაიმი ითამაშა.

 

ოპტიმალური შემადგენლობა

 

როგორ თამაშობენ

დე ბური ერთგულია ტრადიციული სქემის – 4-3-3. ნიდერლანდები რინულ მიხელსის დატოვებულ მემკვიდრეობას არ ღალატობენ როგორც ტოპ-ნაკრებებთან მატჩებში, ასევე გიბრალტარის დონის გუნდებთან შეხვედრებში. შეტევების დიდი ნაწილი ფლანგებიდან მიმდინარეობს – ბევრ სამუშაოს ასრულებენ განაპირა მცველები. შუა ხაზში როლები შემდეგნაირად არის განაწილებული: თუ ვეინალდუმი და კლასენი ფორვარდებთან ახლოს თამაშობენ, ფრენკი დე იონგი უფრო სიღმისკენ იწევს, საიდანაც მიმართულებას აძლევს შეტევებს.

დე ბურის გუნდში ცოტა სუპერვარსკვლავია, თუმცა ბევრი თანაბარი და მაღალი ოსტატობის მქონე ფეხბურთელია. ამიტომაც, რთულია იმის პროგნოზირება – ვინ უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს ევროზე. ვირჯილ ვან დეიკის არყოფნაში, დაცვის ცენტრში თანაბარი პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ მატეის დე ლიგტს, სტეფან დე ვრისა და ჯოელ ველტმანს, ამასთან, არიან ნათან აკე და დეილი ბლინდი, რომლებსაც არა მარტო ცენტრში, არამედ მარცხნივაც შეუძლიათ თამაში. ასეთივე სიტუაციაა სხვა პოზიციებზეც: საინტერესო სახელები ბევრია, მაგრამ მხოლოდ დე ბურმა იცის, როგორ გამოიყენებს მათ – წინა მატჩებში ის ამას მეტად ქაოტურად აკეთებდა.

 

დანაკლისი

არა მხოლოდ ნიდერლანდების, არამედ მთელი ჩემპიონატის მთავარი დანაკლისია – ვან დეიკი. ცენტრალურმა მცველმა ახალი სეზონის წინ აღდგენის სრულფასოვანი კურსის გავლა გადაწყვიტა. მას არ სურს იჩქაროს და ევროზე ისევ ტრავმა მიიღოს, რაც კიდევ ექვსთვიან პაუზას გამოიწვევს.

არ ითამაშებს რაიან ბაბელიც. 2010 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჯერ ისევ ფორმაშია: მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა „გალათასარაიში“, სადაც 32 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა. დე ბური ბოლო მომენტამდე იძახებდა ბაბელს ნაკრებში, მაგრამ ყოველ ჯერზე მას სულ უფრო ცოტა დროს აძლევდა, მაგალითად, გიბრალტართან ცხრა წუთი.

 

მთავარი ვარსკვლავი

მემფის დეპაი 27 წლის („ლიონი“)

ვან დეიკის არყოფნაში, ნიდერლანდების ნაკრებში ყველაზე განხილვადი და საინტერესო ფეხბურთელი მემფის დეპაია. წარმოშობით განელმა თავისი ერთ-ერთი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა „ლიონში“, რისი წყალობითაც ძალიან მალე გადავა „ბარსელონაში“, სადაც მას კუმანი ელოდება.

დეპაიმ დაიმსახურა სრულფასოვანი მეორე შანსი ტოპდონეზე. „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჩავარდნის შემდეგ, ის ოთხი წელი სტაბილურად თამაშობდა საფრანგეთში. ევროზე მძლავრი გამოსვლა მას „ბარსელონაში“ ან რომელიმე დიდ კლუბში ტრანსფერს მოუტანს. ამიტომაც, დეპაიმ აუცილებლად უნდა გაიყვანოს გუნდი მინიმუმ მერვედფინალში და შეახსენოს ყველას ნიდერლანდების ნაკრების სიდიადე, რომელმაც ბოლო ორი დიდი ტურნირი გამოტოვა.

 

მთავარი ახალგაზრდა

რაიან გრავენბერხი, 19 წლის („აიაქსი“)

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ამ ცენტრალური ნახევარმცველის შესახებ მხოლოდ ერდივიზიონის დიდმა მოყვარულებმა იცოდნენ. გრავენბერხმა 2019-20 წლების სეზონში მხოლოდ ცხრა მარტჩი ჩაატარა „აიაქსის“ ძირითადში. ახალ სეზონში გრავენბერხის პოტენციალი ერიკ თენ ჰაგმა ირწმუნა და ამსტერდამულმა კლუბმა მიიღო დონი ვან დე ბეეკის სრულფასოვანი შემცვლელი, ნიდერლანდების ნაკრებმა კი ფეხბურთელი, რომელმაც შეიძლება სათადარიგოთა სკამიდან გადაახალისოს თამაში.

ჯერჯერობით, ნახევარმცველმა ნიდერლანდების ძირითადში მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა და მინდორზე 120 წუთი დაჰყო, თუმცა დე ბურისთვის ესეც საკმარისი იყო, რომ ის საბოლოო განაცხადში შეეყვანა. ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლაა, სატრანსფერო ფასი კი უკვე 20 მილიონს შეადგენს, ასე რომ, გრავენბერხს ნამდვილად დიდი მომავალი ელოდება. შესაძლოა, ცვლილებები უკვე ევრო 2020-ის შემდეგ დადგეს.

 

მწვრთნელი

დე ბური ნაკრებთან 2020 წლის სექტემბრიდან მუშაობს და, ჯერჯერობით, მისი შედეგები არ შეიძლება დამაკმაყოფილებლად მივიჩნიოთ. დე ბურის ხელმძღვანელობით ნიდერლანდების ნაკრებს ჯერ არ დაუმარცხებია არც ერთი ტოპ-ნაკრები, ევრო 2020-ზე კი გუნდი მის გარეშე მოხვდა.

ნაკრებამდეც დე ბური დიდად არ გამოირჩეოდა სამწვრთნელო იდეებით. მან არც ისე ცუდად დაიწყო „აიაქსში“ – მოიგო ზედიზედ ოთხი ჩემპიონობა, მაგრამ შემდეგ გუნდი გაჩერდა და მწვრთნელი გაუშვეს. ის მიიწვია „ინტერმა“, თუმცა სამ თვეში მიხვდა შეცდომას. დე ბურმა სამუშაო პრემიერლიგაში იპოვნა: მისი ხელმძღვანელობით „კრისტალ პალასმა“ ოთხი სასტარტო მატჩი წააგო ისე, რომ გოლი ვერ გაიტანა – მორიგი დათხოვნა პოსტიდან. ნაკრებამდე ბოლო სამუშაო ადგილი გახდა – მოგზაურობა ამერიკაში. „ატლანტასთან“ ერთად პირველ სეზონში“ დე ბურმა კონფერენციის ფინალამდე მიაღწია, ერთი წლის შემდეგ კი პლეი ოფში ვერ გავიდა. მწვრთნელს გამოეთხოვნენ.

ასეთი არაშთამბეჭდავი რეზიუმეს მიუხედავად, ორი თვის შემდეგ დე ბურს ნაკრებიდან მიწვევა მოუვიდა, რაც ბევრ ძალიან არალოგიკურ ვარიანტად მიაჩნია.

 

განაცხადი ევროზე

მეკარეები

  1. მაარტენ სტეკელენბურგი (აიაქსი) 22.09.1982
  2. ტიმ კრული (ნორვიჩი, ინგლისი) 03.04.1988
  3. მარკო ბიზოტი (ალკმაარი) 10.05.1991

 

მცველები

  1. ჯოელ ველტმანი (ბრაიტონი, ინგლისი) 15.01.1992
  2. მატიის დე ლიგტი (იუვენტუსი, იტალია) 12.08.1999
  3. ნათან აკე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) 18.02.1995
  4. ოუენ ვიინდალი (ალკმაარი) 28.11.1999
  5. სტეფან დე ვრი (ინტერი, იტალია) 05.02.1992
  6. პატრიკ ვან აანჰოლტი (კრ. პალასი, ინგლისი) 29.08.1990
  7. დელეი ბლინდი (აიაქსი) 09.03.1990
  8. დენზელ დუმფრიზი (ეინდჰოვენი) 18.04.1996

 

ნახევარმცველები

  1. ჯორჯინიო ვეინალდუმი (ლივერპული, ინგლისი) 11.11.1990
  2. დავი კლაასენი (აიაქსი) 21.02.1993
  3. მარტენ დე როონი (ატალანტა, იტალია) 29.03.1991
  4. რაიან გრავენბერხი (აიაქსი) 16.05.2002
  5. დონი დე ბეეკი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი) 18.04.1997
  6. ფრენკი დე იონგი (ბარსელონა, ესპანეთი) 12.05.1997
  7. ტეუნ კოოპმაინერსი (ალკმაარი) 28.02.1998
  8. იურიენ ტიმბერი (აიაქსი) 17.06.2001

 

ფორვარდები

  1. სტივენ ბერგჰუისი (ფეიენოორდი) 19.12.1991
  2. ლუუკ დე იონგი (სევილია, ესპანეთი) 27.08.1990
  3. მემფის დეპაი (ლიონი, საფრანგეთი) 13.02.1994
  4. ქუინსი პრომესი (სპარტაკი, რუსეთი) 04.01.1992
  5. დონიელ მალენი (ეინდჰოვენი) 19.01.1999
  6. ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი, გერმანია) 07.08.1992
  7. კოდი გაკპო (ეინდჰოვენი) 07.05.1999

 

განრიგი

13 ივნისი. ნიდერლანდები-უკრაინა (23:00, ამსტერდამი)

17 ივნისი. ნიდერლანდები-ავსტრია (23:00, ამსტერდამი)

21 ივნისი. მაკედონია-ნიდერლანდები (20:00, ამსტერდამი)