ნიცის მერი – ლიმოჟში რაც მოხდა, ტერორისტული აქტია, გასულ შაბათს მიღებული ზომები არაადეკვატური იყო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ქონებას აზიანებენ, დაუყოვნებლივ უნდა გააძევონ
საფრანგეთის ქალაქ ნიცის მერის ერიკ სიოტის განცხადებით, ლიმოჟში მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად უნდა შეფასდეს.
სიოტიმ ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება 17 ოქტომბრის არეულობის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხში დაშვებული შეცდომების გამო.
„გასულ შაბათს მიღებული ზომები არაადეკვატური იყო, როგორც წინასწარი დაგეგმვის ნაკლებობის, ისე ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებების გამო“, – განაცხადა სიოტიმ.
მისი თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის მართვა სრულიად არათანმიმდევრული იყო.
„რესპუბლიკის პრეზიდენტისგან პოლიციისთვის მიცემული მითითება იყო, რომ არეულობის მონაწილეების მიმართ თანაგრძნობა გამოეჩინათ“, – განაცხადა სიოტიმ.
სიოტის განმარტებით, არეულობის დროს პოლიციის ძალები სათანადოდ არ იყო მობილიზებული და შესაძლო საპოლიციო რესურსის ნახევარზე ნაკლები გამოიყენეს. მისი თქმით, პოლიციას შესაბამისი რესურსებიც არ ჰქონდა.
„პოლიციას საჭირო რესურსები არ ჰქონდა. ლიმოჟში რაც მოხდა, ტერორისტული აქტია. მერიას როცა ესხმი თავს, ეს ტერორისტული აქტია“, – განაცხადა სიოტიმ.
ამასთან, ნიცის მერმა რადიკალურ მემარცხენე ძალებს დააკისრა პასუხისმგებლობა და ისინი ძალადობისკენ მოწოდებების გავრცელებაში დაადანაშაულა. სიოტის განცხადებით, 17 ოქტომბრის არეულობის მონაწილეთა მესამედი უცხოელი იყო.
„უცხოელები, რომლებიც ქონებას აზიანებენ, დაუყოვნებლივ უნდა გააძევონ ქვეყნიდან, ხოლო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ასაკი უნდა შემცირდეს. საფრანგეთს წესრიგი და ავტორიტეტი სჭირდება“, – განაცხადა ერიკ სიოტიმ.