ნჰლ-ის კლუბ „ტამპა ბეიში“ კორონავირუსის აფეთქების გამო საწვრთნელი ბაზა დაიხურა
ნჰლ-ის კლუბ „ტამპა ბეიში“ კორონავირუსის აფეთქების გამო საწვრთნელი ბაზა დაიხურა

ჰოკეის ეროვნული ლიგის გუნდმა „ტამპა ბეი ლაითნინგმა“ ვარჯიშები კორონავირუსის აფეთქების გამო შეწყვიტა.

ჟურნალისტ ბობ მაკენზის ინფორმაციით, რამდენიმე ჰოკეისტსა და გუნდის ორ თანამშრომელს კორნავირუსი დაუდგინდათ. „ტამპა“” დროებით დახურა საწვრთნელი ბაზა.

მოგვიანებით, „ლაითნინგმა“ დაადასტურა ეს ინფორმაცია და დააზუსტა, რომ ინფიცირებულია კლუბის სამი მოთამაშე და რამდენიმე თანამშრომელი.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სამმა ჰოკეისტმა და კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა დადებითი ტესტი ჩააბარეს COVID-19-ზე. ისინი თვითიზოლაციაში არიან შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

დადებითი ტესტების შემდეგ, კლუბის საწვრთნელი ბაზა დაუყოვნებლივ დაიხურა და ყველა მოთამაშე შინ დაბრუნდა. ობიექტები დროებით დაკეტილია, სანამ ჩვენ არ შევძლებთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – განაცხადა „ტამპას“ გენერალურმა მენეჯერმა, ჟულიენ ბრიზბუამ.

ჰოკეის ეროვნული ლიგის სეზონი 24-გუნდიანი პლეი ოფით უნდა განახლდეს. საწვრთნელი ბანაკების გახსნას 10 ივლისიდან ელოდებიან.