New York Times - აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს მაიკ პომპეო შეცვლის
New York Times - აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს  მაიკ პომპეო შეცვლის

როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ იტყობინება, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლებას გეგმავს.

მის ადგილზე თეთრ სახლში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორს, მაიკ პომპეოს დანიშვნას აპირებენ.

როგორც გაზეთს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ტილერსონს თანამდებობიდან რამდენიმე კვირაში გაათავისუფლებენ.

მანამდე ტელეკომპანია NBC-მ გაავრცელა ცნობა, რომ დაახლოებით სამი თვის წინ ტილერსონი თავად აპირებდა თანამდებობიდან გადადგომას და ამის მიზეზად პრეზიდენტთან რიგ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე შეუთანხმებლობა სახელდებოდა.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა ამ ცნობებს ტყუილი უწოდა და NBC-ს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ოქტომბრის ბოლოს ტილერსონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე დარჩება, სანამ „პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ის ამ თანამდებობაზე სასარგებლოა“.