ნესტან ლონდარიძე - შსს-ს გენინსპექციას სასამართლოში მომხდარ ფაქტზე სრული ინფორმაცია მივაწოდეთ და დავინახეთ მზაობა, რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა
ნესტან ლონდარიძე - შსს-ს გენინსპექციას სასამართლოში მომხდარ ფაქტზე სრული ინფორმაცია მივაწოდეთ და დავინახეთ მზაობა, რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, მათ შსს-ს გენინსპექციას სრული ინფორმაცია მიაწოდეს გუშინ საქალაქო სასამართლოს სასადილოს ინციდენტთან დაკავშირებით.

„ჩვენ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. აღვწერეთ ის შემთხვევა, რაც განხორციელდა სასამართლოს სასადილოს დარბაზში და დავინახეთ მზაობა იმისთვის, რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა და მივიღოთ სამართლიანი შედეგი“, – განაცხადა ლონდარიძემ.

მისი თქმით, შეხვედრას გამომძიებლები ესწრებოდნენ, შედგა წერილობითი განმარტებები.

„ჩვენს განცხადებას უნდა მიეცეს სამართლებრივი მსვლელობა, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა ჩატარდეს მოკვლევა. ასევე, უნდა გამოიკითხონ პოლიციელები, ვინც მონაწილეობდნენ აღნიშნულ ინციდენტში. მათი იდენტიფიცირება პრობლემა არ არის, კადრები  გავიდა ყველა ტელევიზიით. თავად დაზარალებულ მხარეს შეუძლია მათი ამოცნობა და ამ მხრივ, პრობლემა არ შეიქმნება“, – განაცხადა ლონდარიძემ.

ზაზა სარალიძის განცხადებით, სამართალდამცველებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.

„ვისაუბრეთ ყველაფერზე, რა მოხდა, მე როდის ჩავედი სასადილოში, ზვიადი როდის ჩავიდა, როდის გამოვიდა სასამართლო დარბაზიდან მეთვალყურეობის გარეშე. გამორჩათ თუ რა მიზანი ჰქონდათ პოლიციელებს, ვერ გეტყვით“, – განაცხადა სარალიძემ და აღნიშნა, რომ პოლიციელების იდენტიფიცირება პრობლემა არ არის.

ზვიად კუპრავა გუშინ სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.